ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, რადგან არც ის არის ჯერ ამისთვის მზად და არც ევროკავშირი – გაფართოებისთვის.
„ღარიბაშვილმა დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. 4 თვის შემდეგ კი ის ამბობს, რომ საქართველო მზად არ არის. კონკრეტულად ვინ არ არის მზად, ქართველი ხალხი თუ პარტია „ქართული ოცნება“? პასუხი ცალსახაა – „ქართული ოცნება“ რუსული სტილის კანონებს აწესებს, პროევროპელი ხალხი კი ამას ქუჩებში აპროტესტებს“, – წერს კუბილიუსი პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter).
20 აპრილს ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო პიკი და ჯერჯერობით ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის არ არის მზად. თავის მხრივ, არც ევროკავშირია გაფართოებისთვის მზად.
ამიტომ ღარიბაშვილის თქმით, თუკი ევროკავშირის წევრობის საკითხი დადგება და მას რუსული კანონი შეაფერხებს, ამის შემდეგ კანონს გადახედავენ.
„დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ წევრი ქვეყანა. ასეა ხომ? ხომ მეთანხმებით? არ არის დღეს კონსენსუსი ამაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი. მით უმეტეს, ეხლა ამდენი პრობლემებია და იცით, რომ მთელი დრო დასჭირდება ამას. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება. დრო დასჭირდება და ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული აი, ეს შემდეგი ნაბიჯები.
ძალიან მარტივად მინდა გითხრათ რა, თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან, რომ აი, ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება. ასე რომ, ნუ ნერვიულობთ. ყველაფერი არის ძალიან კარგად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 აპრილს შეკითხვის საპასუხოდ, შეუშლის თუ არა ხელს რუსული კანონი ევროკავშირში ინტეგრაციას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.