„ჯორჯიან ეარვეისი“ არის ის კომპანია, რომელიც რუსეთის ფედერაციაში პირდაპირ ფრენას იწყებს. 20 მაისს პირველ რეისს შეასრულებს და კვირაში 7-ჯერ თბილისიდან რუსეთისკენ იფრენს.
კომპანიის დირექტორი თამაზ გაიაშვილია. თუ გავიხსენებთ მის განცხადებებს, ვნახავთ, რომ გაიაშვილი რუსეთთან პირდაპირი ფრენის აღდგენის აქტიური მომხრე იყო. 2019 წლის შემდეგ რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენა აკრძალა. ამ პერიოდის განმავლობაში გაიაშვილი თითქმის ყველა განცხადებასა და ინტერვიუში ამბობდა, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ფრენა უნდა აღდგენილიყო.
ვინ არის თამაზ გაიაშვილი
თამაზ გაიაშვილი კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი და დამფუძნებელია. ბიზნესმენი პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული პირია. როგორც თავად ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილის მამის ახლო მეგობარიცაა. გაიაშვილის თქმით, ეს მეგობრობა „ქართუდან“ დაიწყო და დღემდე გრძელდება.
„ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟზე დაყრდნობით, ვიდრე პუტინი ოფიციალურად იტყოდა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენის აღდგენის შესახებ, „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორის, თამაზ გაიაშვილის სახლში, წყნეთში პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა, რაც გაიაშვილმა თავადვე დაადასტურა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი მასთან სახლში, უპასუხა: – „მე ის გუშინ არ გამიცნია, ვიცნობ „ქართუ“ ბანკიდან. მამამისსაც ვიცნობ. მის [პრემიერის] გარემოცვას ვიცნობ. ჩვენი მეგობრობა დღეიდან არ მოდის. მე პოლიტიკური ნიშნით არ მყავს მეგობრები. მას რომ შესძლებოდა ამის გაკეთება [რუსეთთან ფრენის აღდგენა] დიდი ხნის წინ აღადგენდა,“ – „ეარვეისის“ დირექტორს თამაზ გაიაშვილს, „TV პირველთან“ ინტერვიუში არ დაუმალავს, რომ რამდენიმე კვირის წინ მოსკოვშიც იმყოფებოდა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტთან“ ერთად რუსეთში ფრენის ნებართვა „ჯორჯიან ეარვეისს“ მისცა.
„ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ მიმდინარე წლის 20 მაისიდან ყველა საჭირო ნებართვის მიღების შემთხვევაში, დაიწყებს პირდაპირი რეისების შესრულებას რუსეთის ფედერაციის მიმართულებით,“- კომპანიამ ეს განცხადება გუშინვე გაავრცელა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ და რუსეთთან ფრენის აღდგენა გააპროტესტეს, მოგვიანებით კი კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ოფისთანაც გადაინაცვლეს.
ამ საპროტესტო აქციას მალევე მოჰყვა კომპანიის ახალი განცხადებაც, სადაც აქციის მონაწილეები, რომლებიც კომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ რუსეთისკენ ფრენის დანიშვნის გამო აკრიტიკებდა და „მოღალატეს“ უწოდებდა, თავად კომპანიამ ოფიციალურ საპასუხო განცხადებაში „გარეწრებად, ავაზაკებად და არარაოებად“ მოიხსენია.
თამაზ გაიაშვილის კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში იყო ბევრი ისეთი ტერმინი, რომელსაც ხშირად იყენებს მმართველი გუნდი და კონკრეტულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
„მართული ძალები“, „ბინძური კამპანია“ „უცხოეთიდან მიღებული გრანტების გასამართლებლად მზად არიან საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესის წინააღმდეგ წავიდნენ“, – იყო ნათქვამი „ეარვეისის“ განცხადებაში.
ფრენის აღდგენასთან დაკავშირებით კი თამაზ გაიაშვილმა საქართველოს მთავრობას პოზიცია მოუწონა და იგივე არგუმენტი გამოიყენა, რითაც საქართველოს მთავრობა ამართლებს რუსეთთან ფრენის აღდგენას.
„ჩვენი ერთი მესამედი ცხოვრობს რუსეთში, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, რომ ამდენი ხალხი იყოს უკმაყოფილო“, – თქვა მან
გაიაშვილი რუსეთზე, უკრაინასა და დასავლეთზე
კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი თამაზ გაიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობა აუცილებელია და ამბობს, რომ „მტერსაც და მოყვარესაც უნდა ელაპარაკო“.
„შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, რასაც ვიტყვი… სტალინმა დააყენა სამყარო და მეორე მსოფლიო ომი მოიგო, ის ქართველი იყო. ის, რომ დღეს ვინარჩუნებთ მშვიდობას, ესეც ქართველი ადამიანების დამსახურებაა. უჭკვიანესი ადამიანები გვყავს რომლებიც ამ მშვიდობას გვანარჩუნებინებენ“, – თქვა მან სამი თვის წინ სამთავრობო არხის „იმედის“ ეთერში.
სავარაუდოდ, ამ განცხადებაში გაიაშვილი სწორედ მთავრობას გულისხმობს და პრემიერ-მინისტრს, რომლებიც ხშირად ახსენებენ სიტყვა „მშვიდობას“. ის რომ „ქვეყანაში მეორე ფრონტი არ არის გახსნილი და მშვიდობაა, სწორედ მთავრობის დამსახურებაა“, – ხშირად ამბობს პრემიერი ღარიბაშვილი.
თამაზ გაიაშვილი რუსეთთან „ურთიერთობების დალაგების“ მომხრეა. ამბობს, რომ მეზობელ ქვეყანასთან მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობებით დაიბრუნებს საქართველო დაკარგულ ტერიტორიებს, ნატო და დასავლეთი კი საქართველოს ამ გზაზე ვერ დაეხმარება.
2021 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის კონტექსტში თამაზ გაიაშვილი აქცენტს იმაზე აკეთებდა, 2008 წლის ომის შემდეგ რატომ არ დაუჭირა სათანადოდ მხარი უკრაინამ საქართველოს.
„2008 წელს უკრაინამ გააუქმა ფრენა რუსეთთან? არა მგონია… არც მხარი დაუჭერია. არ ვართ უკრაინის მიმართ… ნა აბაროტ, მაგრამ თემა ერთია – უნდა ყველამ იფიქროს, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას გააკეთებს თითოეული ადამიანი“, – ამბობს გაიაშვილი
სინამდვილეში, უკრაინამ 2008 წელს გამოგვიცხადა ღია დიპლომატიური მხარდაჭერა – 2008 წლის 12 აგვისტოს უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკო თბილისში ჩამოვიდა და დანარჩენი ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად პარლამენტის შენობის წინ იდგა. უკრაინამ საქართველოს გამოუგზავნა შეიარაღებული ძალები, უკრაინა მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2008 წლის 7 მარტს კი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადებით გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
თამაზ გაიაშვილი საჯარო განცხადებებით გამოირჩევა და ძირითადად სამთავრობო არხებს სტუმრობს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან დასავლეთსაც მიმართა.
„..მივმართავ დასავლეთში მოქმედ ყველა იმ ძალას, რომელიც რუსეთთან დაპირისპირების, მისთვის სანქციების დაწესებისა და მისგან სრული იზოლაციისკენ მოგვიწოდებს: დაგვეხმარეთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, მიგვიღეთ დასავლურ სტრუქტურებში და რუსეთში არ ვიფრენთ“, – წერდა თამაზ გაიაშვილი.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენა 2019 წელს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვისთვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დათმობამ ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. ვლადიმერ პუტინის ეს გადაწყვეტილება გაიაშვილისთვის მაშინ „საწყენი“ აღმოჩნდა.
„2019 წელს, როდესაც შეწყდა ფრენა, მაშინაც იყო საწყენი და დღესაც საწყენია, რომ ფრენები იყო შეწყვეტილი. თურქეთის ავიაკომპანიებს თუ შეუძლიათ ფრენა, ისრაელის, არაბულ კომპანიებს, აზერბაიჯანულს, სომხურს და ა.შ. ჩვენ რა დავაშავეთ?! ჩვენ რატომ არ უნდა ვიფრინოთ?“ – ამბობს მან.
თამაზ გაიაშვილი ბიძინა ივანიშვილზე
ცნობილია „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორის, თამაზ გაიაშვილის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
გაიაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს თებერვალში დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა და თქვა, რომ ის „ქართველი ერის წინამძღოლი და დიდი მამულიშვილია. მისი მსგავსი ადამიანები იშვიათად იბადებიან“.
„მისი საქმიანობა ერეკლე მეფისა და ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის მასშტაბებს იძენს. რომ არა მისი თავდადება სამშობლოსთვის, საქართველო დღეს ცეცხლის ალში იქნებოდა გახვეული. მისმა სიბრძნემ და სიმტკიცემ ქვეყანა განადგურებისგან იხსნა“, – თქვა მან.
ბიძინა ივანიშვილის მეფეებსა და დიდ საზოგადო მოღვაწეებთან გაიგივებითაც გაიაშვილის რიტორიკა მთავრობის წევრების რიტორიკას ჰგავს.
თუმცა ბიძინა ივანიშვილის ქებამდე ის ოპოზიციური პარტიის რიგებში იყო. პარტია „ლელოს“ თამაზ გაიაშვილი 2020 წელს შეუერთდა.
როგორც თამაზ გაიაშვილმა მაშინ თქვა, „ეს გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო“, თუმცა, მისი თქმით, 2012 წელს მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ იმედები გაუცრუა.
„ლელოში“ ამბობენ, რომ მან პარტია მალევე, რამდენიმე კვირაში დატოვა. ყოფილი თანაპარტიელები დღეს გაიაშვილზე ამბობენ, რომ მას არ ადარდებს ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ევროინტეგრაციის პერსპექტივა და საზოგადოების საჭიროებები.
„მისი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოს, თუნდაც ამორალური და ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯების გადადგმით“. – უთხრა „პუბლიკას“ ირაკლი კუპრაძემ.
სპეცრეისები პანდემიისას და გადახდის სისტემაში დამატებული რუსული კომპანია „Мир“
კომპანია „ჯორჯიან ეარვეისსა“ და თამაზ გაიაშვილზე საზოგადოება 2022 წელს გაბრაზდა, როცა გაიაშვილის კომპანიამ „ჯორჯიან ეარვეისის“ გადახდის სისტემებში რუსული კომპანია „Мир“ დაამატა. ეს მაშინ, როცა მსოფლიო უკრაინას მხარდაჭერას უცხადებდა და სანქციებს უერთდებოდნენ.
2022 წლის 7 მარტს, მასტერქარდისა და ვიზას გვერდით, რუსული „Мир“ გაჩნდა. გაიაშვილისთვის არც ეს წარმოადგენდა პრობლემას – „მე სანქციებს არ ვუერთდები და არანაირი ვალდებულება არ მაქვს [შევუერთდე], სახელმწიფო არ ვარ, კერძო კომპანია ვარ. მე მაინტერესებს, ბილეთი გავყიდო, რით გაიყიდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს. სამტრედიაში რომ რკინიგზა გააჩერეს, მე ამ სისტემით ვერ ვიმუშავებ“, – უთხრა თამაზ გაიაშვილმა „რადიო თავისუფლებას“. ჯერ კიდევ მაშინ, 2022 წლის მარტში ის ამბობდა, რომ თუკი შეუკვეთენ, რუსეთიდან პირდაპირ რეისებზეც არ იტყვის უარს.
უპრეცედენტო ფინანსური სანქციების შემდეგ გადახდის ეს საშუალება იყო ერთადერთი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რითაც ონალინვაჭრობა და თანხის გადარიცხვა შეეძლოთ.
„ჯორჯიან ეარვეისია“ ასევე ის კომპანია, რომელსაც პანდემიის პერიოდში საქართველოს მთავრობამ ფრენის უფლება დაუტოვა. „მთავარმა არხმა“ მაშინ, 2020 წლის 15 აპრილს, რეპორტაჟი მოამზადა, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ურთიერთობას შეეხებოდა. სიუჟეტში საუბარი იყო, რომ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, ხოლო ავიაკომპანია „მაი ვეის“ საქმიანობა ხელოვნურად იყო შეფერხებული. ამას გაიაშვილმა სიცრუე უწოდა და მთავრობასთან კავშირი უარყო.
„ჩვენ პანდემიის გამო 21 მარტიდან შევწყვიტეთ რეგულარული ფრენა და დღეისათვის მთავრობასთან შეთანხმებით მხოლოდ ჩარტერულ რეისებს ვასრულებთ უცხოეთში დარჩენილი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დასაბრუნებლად.
რომელ კორუფციაზე შეიძლება საუბარი იმ დროს, როდესაც ეს რეისები სრულდება ცალმხრივი დატვირთვით. თბილისიდან, პრაქტიკულად, ცარიელი თვითმფრინავი მიფრინავს, რომელიც მხოლოდ ადგილზე ივსება. თანაც, ბილეთები იყიდება, სახელმწიფოს მიერ დადგენილ – 199 ევროდ“, – ამბობდა ის.
თამაზ გაიაშვილის თქმით, ავიაკომპანია ყოველი ევროპული რეისის შესრულებისას გარკვეულ ზარალს იღებდა.
რას ამბობს გაიაშვილი სავარაუდო სანქციებზე
თამაზ გაიაშვილის კომპანიამ ჯერ არ იცის, ელის თუ არა სანქციები რუსეთთან პირდაპირი ფრენის დანიშვნის გამო. – „თუ ვინმე მეტყვის რატომ მიწესებს, სანქციებს, არგუმენტირებულად, კი ბატონო. მაგრამ თუ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაშინ გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს მთავრობის, რომელიც მიესალმება ამ შემთხვევაში რუსეთთან ფრენის აღდგენას.“ – ამბობს გაიაშვილი სანქციებთან დაკავშირებით.
გაიაშვილის თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანებს არ უნდა წაერთვას თავისუფალი ფრენის უფლება.
„ჯორჯიან ეარვეისი“ საქართველოში 1997 წელს დაფუძნდა. კომპანიის წილის 80%-ს ბიზნესმენი დავით გაიაშვილი, თამაზ გაიაშვილის ძმა ფლობს. 20%-იანი წილი კი შპს „ჯორჯიან ეარ სერვისს“ ეკუთვნის, რომლის 90%-იანი წილის მფლობელია ეთერ გაიაშვილი.