მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წელი და ექვსი თვე მიესაჯა.
კარიერა
მოსამართლე გიორგი არევაძემ პროფესიული საქმიანობა 2003 წლიდან დაიწყო. ის რუსთავის საქალაქო სასამართლოში ჯერ სპეციალისტის, შემდგომ კი სხდომის მდივნის თანამდებობას იკავებდა. 2005 წლიდან არევაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყებს მუშაობას, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ; მოგვიანებით – თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ.
2008 წლიდან გიორგი არევაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გახდა. 2012-2013 წლებში ის სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ განაწესეს.
2013 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე, 2019 წლიდან კი უვადო მოსამართლედ დაინიშნა.
მოსამართლე გიორგი არევაძის გზა უვადო მოსამართლეობამდე
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე არევაძის გვარი გასულ წლებში სხვა ხმაურიან საქმეებსაც უკავშირდება.
2018 წლის 5 იანვარს მან გირგვლიანის საქმეზე (მკვლელობისთვის გასამართლებული პირების უკანონოდ შეწყალება) მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 3-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
ამავე პერიოდში, გიორგი არევაძეს თავისი კანდიდატურა უვადო მოსამართლედ განწესების თაობაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჰქონდა წარდგენილი, თუმცა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კვირის შემდეგ კანდიდატურა მოხსნა, თუმცა მედიასთან მიზეზებზე არ უსაუბრია.
მოგვიანებით, 2019 წლის 24 მაისის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 3 ივნისიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის უვადო მოსამართლედ ის მაინც დაინიშნა.
2020 წელს გიორგი არევაძე განიხილავდა ნიკა გვარამიას საქმეს, სადაც პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებასა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვას ედავებოდა. ერთ-ერთ პროცესზე მან თვითაცილება გამოაცხადა, რადგან არევაძის აზრით, ნიკა გვარამიამ [ამ პერიოდში„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა] ბრიფინგზე სასამართლო შეურაცხყო, როდესაც მოსამართლე მოიხსენა, როგორც „ნაძირალა“ და „არაადეკვატური“. მან მიიჩნია, რომ ამის გამო გვარამიას საქმის მოსამართლე აღარ უნდა ყოფილიყო.
გიორგი არევაძე იყო ხაზარაძე-ჯაფარიძის ე.წ ფულის გათეთრების საქმის მოსამართლეც. 2022 წლის 12 იანვარს სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ხანდაზმული იყო, ისინი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.
ქონება
2026 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლე გიორგი არევაძისა და მისი მეუღლის საკუთრებაშია 2013 წელს 55 000 დოლარად შეძენილი ბინა თბილისში, 2021 წელს შეძენილი TOYOTA LANDCRUISER და 2023 წელს ნაყიდი MINI COOPER COUNTRYMA, ავტომობილების ჯამური ღირებულებით 27 000 დოლარი.
დანაზოგის სახით მოსამართლის ოჯახს 10 000 დოლარი და 2 400 ევრო აქვს.
ჯერჯერობით, დეკლარაციაში არ არის ასახული მოსამართლე გიორგი არევაძის მიერ თებერვალსა და მარტში ნაყიდი საერთო ოდენობით 2710 კვ.მ მიწის ორი ნაკვეთი გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში, საიდანაც თავადაა წარმომავლობით.