ვინ არის მოსამართლე, რომელმაც მაღაროელებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა

პუბლიკა

20 იანვარს ჭიათურაში პროტესტის მონაწილეებს, გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს 6 წლითა და 3 თვით, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს 4 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა.

34 წლის თამარ მაზანაშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ 2025 წლის 18 ივლისს დაინიშნა. დაკავებული ჭიათურელების საქმის არსებითად განხილვა მაზანაშვილმა 1 აგვისტოს დაიწყო.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერს, ეს საქმე ერთ-ერთი პირველია, რომელიც მან მოსამართლის რანგში განიხილა.

თამარ მაზანაშვილის შეურაცხყოფის საბაბითაა დაწყებული კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე გიორგი ნეფარიძის წინააღმდეგ.

ვინ არის თამარ მაზანაშვილი

თამარ მაზანაშვილი 1991 წლის 26 ოქტომბერს თბილისში დაიბადა.

იუსტიციის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,  მაზანაშვილმა 2015 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2017 წელს კი ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2017 წლიდან არის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2023-25 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

თამარ მაზანაშვილმა სასამართლო სისტემაში მუშაობა 2014 წლიდან, სხვადასხვა პოზიციაზე დაიწყო.

მისი ბიოგრაფიის მიხედვით, 2014-2015 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში სტაჟიორი; 2018-20 წლებში მუშაობდა გორის რაიონული სასამართლოს აპარატში.

2020-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი, 2025 წლის ივლისიდან კი არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ასევე მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2026 წლიდან საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ხელფასი 11 520 ლარი გახდა.

თამარ მაზანაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია, მოსამართლეობის კანდიდატის რანგში, 2025 წლის 2 აპრილს ჩააბარა. დეკლარაცია 2024 წლის ქონებრივ მდგომარეობას ასახავს.

დეკლარაციის მიხედვით, თამარ მაზანაშვილს უძრავი ქონება, დიდი ფინანსური დანაზოგი, ნაღდი ფული, ძვირფასი ნივთები ან ფასიანი ქაღალდები არ აქვს. ცარიელია ოჯახის წევრების მონაცემების გრაფაც. ამავე დეკლარაციით, მაზანაშვილი ჩართული არაა სამეწარმეო საქმიანობაში.

ბოლოს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მას საბანკო ანაბარზე 3000 დოლარი ჰქონდა, სახელფასო ანგარიშზე კი – 1019,14 ლარი (ათას ცხრამეტი ლარი და თოთხმეტი თეთრი). 2024 წელს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელის რანგში მისი მიღებული შემოსავალი 24 000 ლარი იყო.

მოსამართლეს ასევე დეკლარირებული აქვს 15 000 ლარი, რომელიც, დეკლარაციის მიხედვით, მისთვის მობარებული თანხა იყო და ნაწილ-ნაწილ დაუბრუნდა გადმომრიცხავს.

უძრავი ქონების რეესტრის მიხედვით, მოსამართლე მაზანაშვილმა 2025 წლის 31 დეკემბერს თბილისში 77.60 კვმ ბინა იყიდა.

თამარ მაზანაშვილის განხილული საქმეებისა და გამოტანილი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია საჯარო წყაროებით არ იძებნება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეებს სამი მოსამართლე – თამარ მაზანაშვილი და ქეთევან თხელიძე და დავით თეთრაული [სასამართლოს თავმჯდომარე] განიხილავენ.

სხდომების განრიგებიდან გამომდინარე, მიმდინარე თვეში თამარ მაზანაშვილს 16 სხდომა აქვს დანიშნული.

თამარ მაზანაშვილის შეურაცხყოფის საქმე

შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებაში მსჯავრდებული გიორგი ნეფარიძის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს.

პროკურატურა მას მოსამართლის შეურაცხყოფით სასამართლოს უპატივცემულობას ედავება.

ინციდენტი მაღაროს დირექტორზე ძალადობის საქმეზე განხილვის დროს მოხდა. საქმეზე თამარ მაზანაშვილი დაზარალებულადაა ცნობილი.

როგორც ნეფარიძის ადვოკატმა „პუბლიკას“ უთხრა, შემთხვევა 12 სექტემბრის სხდომაზე მოხდა.

ადვოკატის თქმით, პროცესზე დაიკითხა ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმე, რომელსაც გიორგი ნეფარიძემ რამდენჯერმე მოუწოდა, არ მიეცა ცრუ ჩვენება, რის გამოც მოსამართლემ ნეფარიძეს შენიშვნები მისცა, შემდეგ კი პროცესიდან გააძევა.

ადვოკატის თქმით, პროცესიდან გაძევების პროცედურის განმარტებისას გიორგი ნეფარიძემ მოსამართლეს შემდეგი რეპლიკით მიმართა: „დაახვიე [განჩინება] და ერთ ადგილას გაიკეთე“. სწორედ ამ რეპლიკის გამო, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით.

მას შემდეგ, რაც გამოძიება დაიწყო და მოსამართლე საქმეზე დაზარალებულად ცნეს, ადვოკატმა შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის საქმიდან მისი აცილება მოითხოვა, თუმცა მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა აცილება არ დააკმაყოფილა.

ნინო ანდრიაშვილის თქმით, მან ასევე რამდენჯერმე მოითხოვა სხდომებიდან გაძევებული გიორგი ნეფარიძის დაბრუნება, თუმცა მისი შუამდგომლობა მხოლოდ მას შემდეგ დაკმაყოფილდა, რაც პროკურატურის მოწმეების დაკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა.

მაღაროს დირექტორზე ძალადობის საქმე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც ერთ-ერთ მსჯავრდებულს, მერაბ სარალიძეს იცავდა, თამარ მაზანაშვილის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიხედვით, პროკურატურის მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მერაბ სარალიძემ ჯგუფურ ძალადობას გაუწია ორგანიზება – არ დასტურდება, რომ მერაბ სარალიძემ გასცა მითითებები მაღაროს დირექტორის მანქანისთვის გზის ჩაკეტვაზე, არ ფიქსირდება სატელეფონო კავშირი და კომუნიკაცია, რომლის მიზანიც ქმედების ორგანიზება იქნებოდა. „უფრო მეტიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ბრალდებული მონაწილეობას იღებდა ძალადობრივ ქმედებებში“, – წერს ორგანიზაცია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიუთითებს იმაზეც, რომ მოსამართლე მაზანაშვილმა მხედველობაში არ მიიღო საქმის კონტექსტი, კერძოდ ხანგრძლივი პროტესტი, რომელიც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებითაა გამოწვეული.

„სასამართლომ არც ერთ ეტაპზე არ მიიღო მხედველობაში საქმის კონტექსტი და ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეში დაზარალებული შუქრუთის მაღაროს დირექტორია, რომელიც, თავის მხრივ, დასაქმებულების პროტესტის ერთ-ერთი ადრესატი იყო, ხოლო მაღაროელებსა და კომპანიის წარმომადგენელს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ვითარების სპონტანური ესკალაცია მოჰყვა, რომლის ფონი რამდენიმეთვიანი უსამართლობის და ჩაგვრის განცდა იყო“, – აცხადებს ორგანიზაცია.

გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს ბრალი  ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. მოსამართლემ ბრალდებულები 225-ე მუხლის ორივე ნაწილში დამნაშავედ ცნო და ორგანიზების ნაწილში 6 წლით და 3 თვით, ხოლო მონაწილეობის ნაწილში 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შეკრებითობის პრინციპით, უფრო მძიმე სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მძიმე და საბოლოოდ მათ 6 წელი და 3 თვე განესაზღვრათ. 225-ე მუხლის პირველი ნაწილი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებოდათ ბრალად – მათ მოსამართლემ 4 წელი და 3 თვე მიუსაჯა. მუხლი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.