ვინ არის სააკაშვილის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საქმეზე კიდევ ერთი პირი – გიორგი ნარიმანიძე დააკავა.

გიორგი ნარიმანიძე არის ამავე საქმეზე ბრალდებულის, ელგუჯა ცომაიას თანამშრომელი. ცომაიას ოჯახის ბიზნესი – გადამზიდი კომპანია „Ika Trans“ აქვს. ამჟამად ელგუჯა ცომაია ბრალდებულია მიხეილ სააკაშვილისთვის თბილისში ბინის გადაცემის ეპიზოდზე.

„რა გზით შეძლო ძებნილმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება”, – გასულ კვირას „პუბლიკას” ამ თემაზე სტატია მოამზადა. გამოცემა მოწმეთა გამოკითხვის ოქმებსა და საქმის სხვა მასალებს გაეცნო. იმ დოკუმენტებში, რაზეც წვდომაც გამოცემას ჰქონდა, გიორგი ნარიმანიძის გამოკითხვის ოქმიცაა.

საუბარია ფოთის პორტში 28 სექტემბერს უკრაინიდან, კერძოდ „ჩერნომორსკის“ პორტიდან შემოსულ ბორანზე, სადაც ელგუჯა ცომაიას სატვირთო ავტომობილიც იყო, სამი კომპანიის რძის პროდუქტებით დატვირთული (სატვირთო და მისაბმელი). მედიაში გავრცელებული ვერსიით, სწორედ ამ სატვირთო ავტომობილით შეძლო მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში შემოსვლა.

გიორგი ნარიმანიძე გამოკითხვისას ამბობს, რომ ელგუჯა ცომაია მას 29 სექტემბერს, დილის საათებში დაუკავშირდა და უთხრა, რომ თავს ცუდად გრძნობდა, ასევე ის, რომ მისი მართვის ქვეშ მყოფ სატვირთოს ე.წ. მაცივარი დაზიანებული ჰქონდა და სთხოვა, რომ ის ჩაენაცვლებინა. ნარიმანიძე ამბობს, რომ  კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ხშირად ხდება ერთმანეთის დახმარება, ცომაიას უარი ვერ უთხრა და სამარშრუტო ტაქსით გაემართა „გეზ-ის“ მიმართულებით, რათა შეეცვალა ის და მის ნაცვლად დაესრულებინა ე.წ. რეისი.

მისივე თქმით, 29 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ელგუჯა ცომაია „გეზ-ის” მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა, გამოართვა მანქანის გასაღები და საჭირო დოკუმენტები. შემდეგ კი, როგორც ის ამბობს, შეუდგა საბაჟო პროცედურების განხორციელებას.


ამ ეტაპზე პროკურატურას მისთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებია. ვიცით მხოლოდ ის, ნარიმანიძე სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. შსს-ს თქმით, მას ბრალად დანაშაულის დაფარვა ედება.

როგორც მისი ადვოკატი გოგა გოგინავა ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი შემხებლობა არ აქვს სააკაშვილთან. მისი თქმით, ნარიმანიძემ მხოლოდ სატვირთო ავტომობილთან დაკავშირებულ საქმეებს აგვარებდა და სააკაშვილთან არანაირი კავშირი, კონტაქტი არ ჰქონია.