უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოში რევაზ ნადარაია დანიშნა.
ნადარაიამ ხვიჩა კიკილაშვილი ჩაანაცვლა. კიკილაშვილმა თანამდებობა, მისი თქმით, საკუთარი სურვილით დატოვა.
ვინ არის რევაზ ნადარაია
45 წლის მოსამართლე 2021 წლიდან უზენაეს სასამართლოში უვადოდ იყო განწესებული.
2019 წლიდან არის საპროკურორო საბჭოს წევრი; 2017-2020 წლებში იყო იუსტიციის საბჭოს წევრი. მანამდე ის თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა, უფრო ადრეულ წლებში კი – თბილისის და ფოთის სასამართლოებში.
მან 2001 წელს დაამთავრა თსუ-ის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 2007 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.
რევაზ ნადარაიას უზენაეს სასამართლოში დანიშვნას პარლამენტმა მხარი იმ პერიოდში დაუჭირა, როცა 19 აპრილის შეთანხმება მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდა.
მოსამართლეების დანიშვნას ბოიკოტს უცხადებდნენ ოპოზიციის დეპუტატები, სახალხო დამცველი და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები.
2024 წელს, როცა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით სასამართლო სისტემის ე.წ. ვეტინგის რეკომენდაცია გაიცა, „სასამართლოს გუშაგმა“ დაწერა, რომ ვეტინგი, სავარაუდოდ, შეეხებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსაც, მათ შორის, ნადარაიას. მოსამართლეთა უმრავლესობა, ისევე როგორც „ქართული ოცნება“, ე.წ. ვეტინგის კატეგორიული წინააღმდეგია.
„ვამაყობ, რომ ლევან მურუსიძესთან ერთად ვსაქმიანობ და მასთან მაქვს ურთიერთობა“, – განაცხადა ნადარაიამ პარლამენტში გასაუბრებაზე 2021 წელს.
„ყველა ქვეყნის მოსამართლისთვის დაუდგენია დარღვევა სტრასბურგის სასამართლოს. ლევან მურუსიძე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. ახლა არის მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე და მთელი მისი საქმიანობა იბრძოდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის. ყველა თავდასხმა, რომელიც სასამართლო სისტემაზე მოდიოდა, იწყებოდა ლევან მურუსიძეზე თავდასხმით, ყველა ამ თავდასხმას ლევან მურუსიძე იღებდა პირველი და ამ გარემოებებმა ლევან მურუსიძე, ლიდერს რომ გაიძახით სულ, აქცია ლიდერად“, – თქვა მან 2021 წელს.
მისივე სიტყვებით, „სასამართლო სისტემა ღირსეული ადამიანების კორპუსია“ და მათ „აქვს ის ღირსება, რომ პანღურს არ ამოირტყამს“.
2023 წლის 7 აპრილს რევაზ ნადარაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება და აშშ-ის მიერ სანქცირებულ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადა.
„თანადგომას და სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს კოლეგებს, რომლებიც წლებია, ღირსეულად და კეთილსინდისიერად ემსახურებიან ქართულ მართლმსაჯულებასა და სასამართლო სისტემას.
ცინიზმია, როდესაც ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ წლებია გვეხმარება კანონის და სამართლის უზენაესობის გაძლიერებასა და განმტკიცებაში, მოქმედ მოსამართლეებს და ყოფილ მოსამართლეს მხოლოდ „სანდო ინფორმაციის” საფუძველზე უყენებს კორუფციულ ბრალდებებს და უწესებს სანქციებს.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გამოთქმული ბრალდებების არა თუ მტკიცებულებები არ არსებობს და შესაბამისად ვერ წარმოადგენენ, არამედ რაიმე კონკრეტული ფაქტის მითითებასაც კი ვერ შეძლებენ, რაც მარწმუნებს იმაში, რომ მათ სანქციები დაუწესდათ არა კორუფციული საქმიანობის გამო, არამედ იმ მიზნით, რომ მოხდეს დანარჩენ მოსამართლეთა დაშანტაჟება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, უსაფუძვლო სანქციების დაწესებით, რაც, ვიცნობ რა ჩემს კოლეგებს, წარმოუდგენლად მიმაჩნია“, – დაწერა მან.
2023 წლის 6 მაისს „შაბათის ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რევაზ ნადარაია დიდძალ ქონებას ფლობს, სოფელ დიღომში 100 000 დოლარად აშენებული სახლი აქვს.
ამ სიუჟეტში თავად ნადარაია ამბობს, რომ ბანკიდან 92 ათასი დოლარის სესხი აქვს გამოტანილი, თანხის ნაწილი კი მშობელმა აჩუქა.
ნადარაიას უახლესი დეკლარაციის შემოწმება „პუბლიკამ“ ვერ მოახერხა, რადგან „ვებგვერდზე ტექნიკური ხარვეზის მიზეზით“ რამდენიმე თვეა, დეკლარაციები საჯარო აღარაა.
ამავე სიუჟეტში კახა წიქარიშვილი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნა [თუმცა ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით სასამართლომ გააუქმა], ვარაუდობს, რომ რევაზ ნადარაია „ქართულ ოცნებასთან“ კორუფციულ გარიგებაშია.
„ფორმულას“ სიუჟეტში წიქარიშვილი აცხადებს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს ნადარაიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, თუმცა ეს საქმე შეწყდა, მისი საქმის პროკურორი მოსამართლედ დაინიშნა და ამას ნადარაიამაც დაუჭირა მხარი.
„სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი, იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი 2020 წელს რევაზ ნადარაიას სახელს ნეპოტიზმს უკავშირებდა.
კერძოდ, მისი ინფორმაციით, ნადარაია დაწინაურებაში დაეხმარა თავის თანასოფლელ კობა ჩაგუნავას, რომელიც 2020 წლის დეკემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.
ჯანეზაშვილის მოკვლეული ინფორმაციით, როდესაც ნადარაია ფოთის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა, კობა ჩაგუნავაც ამავე სასამართლოს მენეჯერი იყო.
როდესაც ნადარაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა, კობა ჩაგუნავაც ამავე წელს გადმოვიდა ამავე სასამართლოში.
ხოლო, როდესაც ნადარაია გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე, კობა ჩაგუნავამაც ამავე სასამართლოში, ამავე პალატაში დაიწყო კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობა.
შემდეგ ჩაგუნავა, იუსტიციის საბჭოს მაშინდელი გადაწყვეტილებით (და მაშინ რევაზ ნადარაია იუსტიციის საბჭოს წევრი იყო), იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი გახდა, რომლის დამთავრებაც მოსამართლედ დანიშვნის წინაპირობაა.
კობა ჩაგუნავა ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომელმაც საპროტესტო აქციებზე დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეები განიხილეს.
30 მარტს 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას.
ტურავა პარლამენტის მიერ დანიშნული მოსამართლე იყო. „ოცნების“ პარლამენტს ახალი მოსამართლის ასარჩევად 90 ხმა არ აქვს, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში 8 მოსამართლე იქნება.
კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 1 თვისა აირჩევა ახალი თავმჯდომარე.
კანდიდატურას სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრი წარადგენს, ხოლო ის არჩეულად ჩაითვლება მინიმუმ 5 წევრის მხარდაჭერის შემთხვევაში.