საქართველოს პრეზიდენტმა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ღვამიჩავა წარადგინა.
თამარ ღვამიჩავამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძე ჩაანაცვლა. 22 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური გახდა პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრის თანამდებობა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, ახალი წევრის შესარჩევად გამოცხადდა კონკურსი. კონკურსში განაცხადი 14-მა კანდიდატმა წარადგინა.
„კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები კი, 9 კანდიდატმა დააკმაყოფილა. ჩემი თანდასწრებით კი, თითოეულ მათგანთან გაიმართა გასაუბრება.
კონკურსების მიმართ ხშირად არსებული უნდობლობის გამო, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ხაზი გაესვას ამ პროცესის სრულიად გამჭვირვალედ ჩატარებას. და დღეს მაქვს პატივი, საზოგადებას წარვუდგინო ჩემ მიერ შერჩეული კანდიდატი – ქალბატონი თამარ ღვამიჩავა, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად 4 წლის ვადით ვნიშნავ, “- განაცხადა პრეზიდენტმა.
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თამარ ღვამიჩავა არის სამართლის დოქტორი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი.
„მას სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობის 15 წლიანი გამოცდილება გააჩნია.მჯერა, რომ ქალბატონი თამარი, როგორც არამოსამართლე წევრი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში, ასევე, სასამართლო რეფორმების წარმატებით განხორციელებაში.
მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ შერჩეული კანდიდატი აკმაყოფილებს ამ თანამდებობისთვის საჭირო მთავარ მოთხოვნებს: დამოუკიდებლობას, თავისუფალ აზროვნებას, პროფესიონალიზმს. ის არის და დარწმუნებული ვარ, იქნება, სრულიად დამოუკიდებელი, “- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თამარ ღვამიჩავამ ორბელიანების სასახლეში გამართული წარდგენისას საქართველოს პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მან თქვა, რომ აქტიურად ჩაერთვება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში.
“მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე იყო აბსოლუტურად საჯარო და ღია. მთავარი, რასაც მინდა გავუსვა ხაზი, არის ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი, მისი ჩართულობა მართლმსაჯულების მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად და ეფექტიანად განხორციელების პროცესში ძალიან დიდია. ასევე, მნიშვნელოვანია მისი როლი სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
ჩემი ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება მაძლევს შესაძლებლობას აქტიურად ჩავერთო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო მის განვითარებაში”, – განაცხადა თამარ ღვამიჩავამ.