ვინ ჩაატარა და რატომ არ არის ბაზრის კვლევა საჯარო - მიქანაძის განმარტება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნა. მისი ინფორმაციით, კვლევა ეკონომიკის სამინისტრომ განათლების სამინისტროსა და კერძო სექტორთან კონსულტაციის საფუძველზე ჩაატარა.

„ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენცია საკმაოდ მაღალია, ამაზე მეტყველებს ის, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს თვალსაჩინო და შესაშური მთელი მსოფლიოსთვის. შესაბამისად, მინდა, დაგარწმუნოთ, სრულადაა კომპეტენცია… ჩაატარა თავად ეკონომიკის სამინისტრომ, მე რამდენადაც ვიცი, შიდა რესურსით, ამასთან ერთად პროცესში ჩართული იყო განათლების სამინისტრო და კერძო სექტორი.

იცით, რომ პრემიერმა ეკონომიკის მინისტრთან და ჩემთან ერთად სპეციალური შეხვედრა ჩაატარა ბიზნესსექტორთან, როდესაც კონცეფცია გასაჯაროვდა. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ცალსახად დააფიქსირეს ამ რეფორმის მნიშვნელობა და აუცილებლობა, გამოთქვეს გულისტკივილი, რომ ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა, ადგილობრივ დონეზე დაიქირაონ სპეციალისტები და ცალსახად თქვეს, რომ ამ პროცესის განხორციელებაში აქვთ მზაობა, ჩაერთონ…“, – თქვა მიქანაძემ.

რატომ არ არის კვლევა საჯარო – მიქანაძე ამბობს:

„კვლევის შედეგები საბოლოოდ დაზუსტდა რამდენიმე დღის წინ, იქ რაღაც კონკრეტულ მონაცემებზე საბოლოო შეჯამება იყო და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ანგარიშის წარდგენა იქნება და საზოგადოებას უფრო დეტალურად ექნება ინფორმაცია ამის შესახებ“, – თქვა მიქანაძემ.

შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა დაასახელოს დარგობრივი ასოციაცია, რომელიც კვლევაში მონაწილეობდა, მიქანაძემ დაასახელა საქართველოს ბიზნესასოციაცია.

„შეხვედრა შედგა, იყო სამუშაო შეხვედრა ბიზნესასოციაციის ეგიდით, იყვნენ მსხვილი სექტორის წარმომადგენლები. კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა, მე არ ვიცი, თუ მიმართავთ ეკონომიკის სამინისტროს მიმართავთ, დარწმუნებული ვარ, ინფორმაციას მიიღებთ ამის თაობაზე“, – თქვა მიქანაძემ.

მიქანაძის თქმით, კვოტირება ყოველ წელს ხელახლა განისაზღვრება, რადგან ეს მოცემულობა ბაზრის კვლევასთანაა დაკავშირებული.

„ეს უნდა იყოს ყოველწლიური პროცესი, ჩვენ პულსზე უნდა გვეჭიროს ხელი. რაღაც სექტორში შეიძლება იყოს ნაკლები მოთხოვნა, რაღაცაზე გაჩნდეს მეტი მოთხოვნა. ამას უნდა ყურადღების მიქცევა, იმისთვის, რომ ვუპასუხოთ ბაზრის მოთხოვნას“, – თქვა მიქანაძემ.

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ჩამოთვალა, რომელი უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას.

„სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით.

• თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესისადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.

•საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე.

•თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში – მედიცინის სპეციალობებზე.

•ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.

•სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში – აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.

•სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.

•ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.

•ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.

•ამ ეტაპზე მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით.

თუმცა, უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ“, – განაცხადა მიქანაძემ.