ვინ დააკვირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს

პუბლიკა

2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება.

ცესკო არჩევნებისთვის ამ დროისთვის რეგისტრირებული საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების სიას ავრცელებს. ორგანიზაციებს რეგისტრაცია 27 სექტემბრამდე შეუძლიათ.

იორდანიის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია;
ტუნისის დამოუკიდებელი უმაღლესი საარჩევნო ორგანო;
მალდივის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია;
თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო;
ეთიოპიის ეროვნული საარჩევნო საბჭო;
მონტენეგროს სახელმწიფო საარჩევნო კომისია;
ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისია;
სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისია;
ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია;
ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისია;
Association „ALTERFACT“.

„ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 6 სექტემბერს განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.

„იმისათვის, რომ არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო/ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა.

ვიმედოვნებთ, რომ მრავალჯერადი შეურაცხყოფისა და ზეწოლის მიუხედავად, ეუთო/ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს. საქართველოს მთავრობა ადასტურებს სრულ მზაობას, ეუთო/ოდირის მისიას არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის, ტრადიციისამებრ, ყველა პირობა შეუქმნას“, – განაცხადა კობახიძემ.

გუშინ, 9 სექტემბერს კი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, მოგვიწვიოს ასეთი დაგვიანებით, ხელი შეუშალა არსებით დაკვირვებას და ODIHR ვერ შეძლებს არჩევნების სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას“.

„როგორც ეუთოს მონაწილე ქვეყანა, საქართველოს აქვს ვალდებულება ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ODIHR კომენტარს არ აკეთებს იმ არჩევნებზე, რომლებზეც თავად არ ახორციელებს დაკვირვებას, ოფისი გააგრძელებს საქართველოში მოვლენების მონიტორინგს მის მანდატში გათვალისწინებული ყველა სფეროში, მათ შორის დემოკრატიული მმართველობის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ცესკოს ცნობით, საერთაშორისო დამკვირვებლების გარდა, არჩევნებს 9 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება. ესენი არიან:

  • „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“;
  • „საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიტიკურ-კომპილაციური ცენტრი“;
  • „ასოციაცია თავისუფალი თაობა“;
  • „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი“;
  • „დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრი“;
  • „მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრი“;
  • „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“;
  • „სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი“;
  • „სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“.

21 აგვისტოს ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები” (ISFED) განაცხადა, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება – მიზეზი ქვეყანაში შექმნილი გარემოა, როცა თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად საჭირო პირობები დიდწილად არ არის დაცული.

მათივე განცხადებით, ორგანიზაცია განაგრძობს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას.