ვინ გაიმარჯვა კულტურის სამინისტროს კონკურსში „მუზა"

პუბლიკა

კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული კონკურსის – „მუზა“, გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს მწერალთა სახლში 25 დეკემბერს გაიმართა.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში:

1. წლის საუკეთესო რომანი – ლევან ბერიძე, „როგორც შენ იტყვი“.

2. წლის საუკეთესო პროზაული კრებული – კახაბერ მელითაური, „ოთხი მოთხრობა”.

3. წლის საუკეთესო პოეტური კრებული – მანანა ჩიტიშვილი, „რჩეული”.

4. წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესე – კონსტანტინე გამსახურდია, „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის – ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი“.

5. წლის საუკეთესო დებიუტი – ლუკა ყაულაშვილი, „შენთვის და შენზე“; კონსტანტინე ჭანკოტაძე, „ილუზიური რეალობა“.

6. წლის საუკეთესო თარგმანი – ირმა შიოლაშვილი, რაინერ მარია რილკე, „საღამო არის ჩემი წიგნი“; რუსუდან ღვინეფაძე, ფრანც კაფკა, „დღიურები“.

7. წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია – თამარ გელიტაშვილი, „მხატვრული ქმნილების პირისპირ“.

8. წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება – კობა ცხაკაია, „სამი პიესა სხვადასხვა ამბავზე”.

9. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილი – თემურ ჩალაბაშვილი.

ნომინაციებში – „წიგნის საუკეთესო დიზაინი” და „წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი“ – გამარჯვებულები არ გამოვლინდნენ.

გამარჯვებულებს გადაეცათ მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მუზის” მიხედვით შექმნილი პრიზი და ფულადი ჯილდო – 5000 ლარი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტროს მიერ 2021 დაფუძნდა ლიტერატურული პრემია, სახელწოდებით – „წლის საუკეთესო“, თუმცა კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2022 წელს კონკურსი ჩატარდა განახლებული სახით, 10 სხვადასხვა ნომინაციითა და ახალი სახელწოდებით – „მუზა“.


კონკურსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები და მწერლების ბოიკოტი

7 სექტემბერს მწერალთა სახლის ფეისბუკის გვერდზე გაზიარდა განცხადება, რომლის თანახმად, კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ ლიტერატურულ კონკურსს „მუზას“ მწერალთა სახლი ჩაატარებს.

განცხადებაში კულტურის სამინისტრო კონკურს „ლიტერას“ იხსენებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ერთ-ერთი გამორჩეული ლიტერატურული კონკურსი იყო, რომლის დაფინანსებაც კულტურის სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო, ხოლო კონკურსს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ მწერალთა სახლი ატარებდა. თუმცა, როგორც განცხადებაში ეწერა, მწერალთა სახლმა და მისმა მაშინდელმა ხელმძღვანელმა ნატა ლომოურმა „სამინისტროსთან დაპირისპირების გზა” აირჩიეს და 2021 წელს აღარ მოისურვეს „ლიტერას“ შენარჩუნება მწერალთა სახლის ფარგლებში.

ახალი წესით გათვალისწინებული ერთ-ერთი სიახლის თანახმად, სამინისტროს მიერ მწერალთა სახლისთვის გადაცემული საბიუჯეტო სახსრებით ჩატარებული კონკურსის ხუთკაციან კომისიაში ერთი წევრი სამინისტროს წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.

რასაც მწერალთა ბოიკოტი მოჰყვა და პროტესტის ნიშნად კონკურსის დატოვება დაიწყეს ლიტერატურული კონკურს „ლიტერას” მონაწილეებმა, მათ „ლიტერადან“ თავიანთი ნაწარმოებები მოხსნეს. შესაბამისად კონკურსი „ლიტერა“ 2021 წელს არ ჩატარებულა.

ლიტერატურული კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურა 20-ზე მეტმა ავტორმა მოხსნა. კონკურსის მონაწილეები პროტესტის მიზეზად კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ასახელებენ, რომ „წელს პირველად ჟიურის ერთ-ერთი წევრი სამინისტრომ დანიშნა“ და ბოიკოტს თეა წულუკიანს უცხადებენ. პროტესტის ნიშნად პრემია დატოვა ჟიურის ყველა წევრმა, ჟიურიში დარჩა მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენელი იოსებ ჭუმბურიძე.

განცხადების თანახმად, 2022 წელს, ქეთევან დუმბაძის აქტიური მონაწილეობითვე და სოსო ჭუმბურიძესთან თანამშრომლობის შედეგად, გადაწყდა, რომ კონკურსი უფრო მასშტაბური გამხდარიყო, გაზრდილიყო მისი ბიუჯეტი, გაზრდილიყო ნომინაციების რაოდენობაც და დაარსებულიყო უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფო პრემია – „მუზა“, რომლის სიმბოლოდაც მერაბ ბერძენიშვილის ცნობილი ქანდაკება იქცეოდა.