ვინ გამოუტანს საბოლოო განაჩენს ნიკა გვარამიას | მოსამართლეთა კოლეგია ცნობილია

ნატუკა ლომაძე

თბილისის უზენაეს სასამართლოში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეს მოსამართლეთა კოლეგია – ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი და ნინო სანდოძე – განიხილავს.

ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ უზენაესი სასამართლო ემზადება პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოსატანად. მისი პოზიციით, „მთავარი არხის“ დირექტორის საქმის განსახილველად შეარჩიეს კლანთან დაახლოებული მოსამართლეები, რომლებიც უზენაეს სასამართლოში „პოლიტიკური დაკვეთების“ შესასრულებლად ჰყავთ.

კოლეგიის ერთ-ერთ წევრთან, მოსამართლე მერაბ გაბინაშვილთან დაკავშირებით გვარამიას ადვოკატებმა მარტში აცილების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა უზენაესმა სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საძაგლიშვილის თქმით, მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს გვარამიას საქმეს არ ააცილებდნენ, რადგან ის უზენაეს სასამართლოში სწორედ „ნიკა გვარამიას მსგავსი პოლიტიკური საქმეების“ შესასრულებლად ჰყავთ განწესებული.

საძაგლიშვილის თქმით, მოსამართლე გაბინაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრით აირჩიეს, რასაც, მაშინ ეუთოს მწვავე განცხადებებიც მოჰყვა.

გვარამიას ადვოკატის მსგავსად, მოსამართლე გაბინაშვილის დამოუკიდებლობის არ სჯერათ არც იუსტიციის საბჭოს ყოფილ არამოსამართლე წევრებს, ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს. მათი განცხადებით, გაბინაშვილი „ასრულებდა და შეასრულებს ოცნების დავალებებს“ და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელისუფლებისთვის მისაღები და ხელსაყრელია. 

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეთა პალატის კიდევ ერთი წევრი ლევან თევზაძეა. გვარამიას ადვოკატი ამბობს, რომ თევზაძეც კლანთან დაახლოებული პირია და ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სანქცირებული მოსამართლის, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა. 

ნაზი ჯანეზაშვილი სანქცირებული მოსამართლის ირაკლი შენგელიასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ირაკლი თევზაძის ნათესაურ კავშირებზე წლების მანძილზე საუბრობდა. 2021 წელს ირაკლი შენგელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, როდესაც საბჭო უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ ლევან თევზაძის (ცოლის ძმის) კანდიდატურას განიხილავდა. მაშინ ირაკლი შენგელიამ თქვა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავდა და არც ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა, შესაბამისად, თვითაცილება არ გაუკეთებია. ჯანეზაშვილი იმასაც ამბობდა, რომ მოსამართლე ირაკლი შენგელია „ქართული ოცნების“ წევრის, ალუდა ღუდუშაურის ნათესავია. შენგელიას ცოლი ლანა თევზაძე საერთო სასამართლოების დეპარტამენტში მუშაობდა.

გვარამიას საქმის კიდევ ერთი მოსამართლე იქნება ნინო სანდოძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 2021 წელს აირჩიეს. თევზაძისა და გაბინაშვილის მსგავსად, იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრებისთვის არც მოსამართლე სანდოძის წარსული იძლევა ნდობის საშუალებას.

მოსამართლე სანდოძემ საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დროს უარყო სასამართლო სისტემაში ე.წ. „კლანის“ არსებობა, როგორც ამჟამად, ასევე წინა ხელისუფლების დროს.

„არ არის შემთხვევა, რომ ვინმემ, რომელიმე მოსამართლის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე განახორციელა [ზეწოლა]“, – განაცხადა მოსამართლე სანდოძემ.

ვადები

ნიკა გვარამიას ადვოკატებს უზენაეს სასამართლოსთან პრეტენზიები აქვთ ვადებთან დაკავშირებითაც. როგორც გვარამიას ადვოკატი ამბობს, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის დასაკომპლექტებლად თითქმის 5 თვე დასჭირდა, 22 ივნისს კი გადის კანონით დადგენილი ვადა, როცა მესამე ინსტანციის სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. თუმცა პროცესი, როგორც ადვოკატი გვეუბნება, ჯერ ჩანიშნული არ არის. „უზენაესი სასამართლო ამჯერადაც დაარღვევს ნიკა გვარამიას უფლებებს“, – ამბობს საძაგლიშვილი.

თავად ნიკა გვარამიას ნათქვამი აქვს, რომ უზენაესი სასამართლოსგან სურს გამამტყუნებელი განაჩენი, რათა სამართლიანობისთვის ბრძოლის გზა სტრასბურგში გააგრძელოს.

„მოთმინებით დაველოდები ვადის ამოწურვას 22 ივნისს და მერე გადავწყვეტ, როგორ ვიმოქმედებ“, – თქვა ნიკა გვარამიამ.


„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ორი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელის ზომა – 3 წელი და 6 თვე, ძალაში დარჩა, თუმცა საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, საპატიმრო სასჯელი გვარამიას ერთი ეპიზოდის ნაცვლად, ორ ეპიზოდზე მიესაჯა.

ამ ნაწილში პროკურატურა გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი-2-თვის“ 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში სდებდა ბრალს. აღნიშნულ საქმეზე საქალაქო სასამართლომ მას 50 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ კი შეცვალა სასჯელის სახე და ზომა და გვარამიას 3 წლითა და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

რაც შეეხება II ეპიზოდს, ე.წ. ავტომობილის საქმეს, სააპელაციომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ, ნიკა გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.