21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვა 18 მაისს იწყება, საქმე მოსამართლე ზვიად შარაძეს ჩააბარეს. შარაძე ე.წ. კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მოსამართლე იყო.
ვინ არის ზვიად შარაძე?
ის 2019 წლიდან საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლეა.
სასამართლო სისტემაშია 2011 წლიდან. 2011-2013 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა. მანამდე, 2007-2011 წლებში იყო იურისტი შპს საქართველოს გაზისა და ტრანსპორტის კომპანიაში.
2013-2015 წლებში შარაძემ სასამართლო სისტემა დატოვა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი გახდა, თუმცა მალევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლაში მსმენელად დაბრუნდა.
2016 წლის 14 ივლისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამი წლის გამოსაცდელი ვადით თელავის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ გაუშვა. 2019 წელს შარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლედ დაინიშნა. ამის შემდეგ კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შარაძე უვადო მოსამართლედ გააწესა.
ე.წ. კარტოგრაფების საქმე
ზვიად შარაძე ე.წ. კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მოსამართლეა. მან არ დააკმაყოფილა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოს შეცვლის თაობაზე. ამის შემდეგ, საქმის არსებითი განხილვა მოსამართლე ლელა კალიჩენკოს დაეწერა. მოსამართლე კალიჩენკომ მელაშვილი-ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა მაშინ თქვა, რომ „მოსამართლეს (ზვიად შარაძე) გამბედაობა არ აღმოაჩნდა განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღო“.
ე.წ. კარტოგრაფების საქმიდან გვახსოვს ისიც, რომ მოსამართლე შარაძემ დაცვის მხარეს უარი უთხრა სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის მოწმის სახით გამოკითხვაზეც.
„შარაძემ კარტოგრაფების საქმეში განიხილა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი. ჩვენ ვითხოვდით პატიმრობის შეცვლას თავდებობით, ვთვლიდით და ახლაც ვთვლით, რომ არსებობდა ყველა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი იმისთვის, რომ ზვიად შარაძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა, რადგან არ არსებობდა პატიმრობაში დატოვების არცერთი გარემოება. რაც შემდგომ ისედაც დადასტურდა, როცა პროკურატურამ თავისი ინიციატივით პატიმრობა გირაოთი შეცვალა. ეს საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული, შესაბამისად, შარაძის ეს გადაწყვეტილება არ იყო მართლმსაჯულების მიზნებით ნაკარნახევი და წარმოადგენდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომლის მიზანიც იყო, რომ სისტემას ეს ადამიანები პატიმრობაში ჰყოლოდა“, – განაცხადა „პუბლიკასთან“ მელაშვილი-ილიჩოვას ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიზებული და რეზონანსული საქმეები კონკრეტულ მოსამართლეებთან შემთხვევით არ ხვდება. მისი თქმით, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მოსამართლე შარაძის გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ როცა მას ახალ რეზონანსულ საქმეს აძლევენ, მისგან კონკრეტულ პირებს შესაძლოა ჰქონდეთ წინასწარი მოლოდინი.
„ცხადი და აშკარაა, რომ არსებობს მოლოდინი ამ მოსამართლესთან მიმართებაში. პრობლემურია მისი ბეგრაუნდი. ეს წარსული გარკვეულ ეჭვებს იწვევს და წინასწარ განწყობებს ქმნის, თუმცა მაინც უნდა დაველოდოთ მოვლენებს… “, – განაცხადა პუბლიკასთან ნაზი ჯანეზაშვილმა.
მოსამართლე ზვიად შარაძემ განიხილა არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის საქმეც. მან ბრალდებულ ძმებს, გუგა და დათო კაკულიებს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ლაზარე გრიგორიადისის საქმე, შესაძლოა, მოსამართლე შარაძის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებული აღმოჩნდეს.
გრიგორიადისის პროცესი 18 მაისს გაიმართება. პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში ლაზარეს მხარდამჭერი აქცია იგეგმება.