საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 20 მაისთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ვინ გასცა ბრძანება მისთვის ეს საკითხი მეორეხარისხოვანია.
„სამწუხაროდ, 8 თვე გავიდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი არ ვარ და რაღაცეები მეხსიერებაში ხომ იცით, იშლება. ერთი რამე მინდა ამაზე გიპასუხოთ, 20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება – ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. აი, ასე. ჩემთვის ეს არის მეორეხარისხოვანი.
რა არის ჩემთვის მთავარი? ჩემთვის მთავარი არის, რომ 20 ივნისს (ერთი წელი გავა, ორი თუ ბევრი, ამის შემდგომ) ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო პარლამენტზე შტურმი, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც მაშინ მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა. ეს იყო მათი მოვალეობა, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ და ეს მათ გააკეთეს“, – ამბობს გიორგი გახარია.
20 ივნისს ე.წ გავრილოვის ღამიდან 1 წლის თავზე სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.
2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანას მოჰყვა. კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა, რომელმაც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. სპეცრაზმმა რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა სახის რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რამდენიმე მათგანმა კი თვალი დაკარგა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა.