ვინ იჯდა „ტოიოტა ქამრიში“

პუბლიკა

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ახლობლის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ფეხბურთელის ოჯახის მოთხოვნაა, რომ „ტოიოტა ქამრიში“ მყოფ 6 პირს ბრალი დაუმძიმდეს. კერძოდ, მათ ბრალად წაუყენონ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლი.

ვინ იჯდა „ტოიოტაში ქამრიში“?

ჩვენებების მიხედვით, ავტომობილში ისხდნენ: ვახო ჩიქოვანი, ვასილ მახარაძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე. ასევე – ორი 17 წლის პირი: ა.ქ. და ზ.ხ. საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნულ პირთაგან 3 მათგანი წვეულებაზე არ იმყოფებოდა და ისინი ნაძალადევის რაიონიდან წავიდნენ, ვახტანგ ჩიქოვანის ორგანიზებით, ჩიქოვანისვე „ტოიოტა ქამრით“, რომელსაც, გამოძიების მასალების თანახმად, მართავდა ვასილ მახარაძე.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, „ვახტანგ ჩიქოვანი თავისი და ნ.ხ.-ს ცემის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებზე ძალადობის მიზნით, ფიზიკური ძალის მობილიზებისათვის თავისი და გიგა ტატიაშვილის ავტომობილებით თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტიდან წავიდა თბილისში“.

27 ივნისის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ვახტანგ ჩიქოვანმა ნ.ც.-სა და გიგა ტატიაშვილთან ერთად მობილიზება გაუწია ფიზიკურად ძლიერი პირების შეკრებას, რის გამოც ნაძალადევის რაიონში მიაკითხეს ვასილ მახარაძეს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ნიკა ჟვანიას და წაიყვანეს მცხეთაში.

19 ივნისს არაგვის ხიდის მიმდებარედ მყოფ ახალგაზრდებს პირველად 00:37 საათზე „მერსედესში“ მყოფი პირები დაესხნენ თავს, „მერსედესის“ წასვლის შემდეგ კი იმავე ადგილზე 6 წუთში „ტოიოტა ქამრი“ მივიდა, რა დროსაც ხიდთან მყოფი დაზარალებული ახალგაზრდები ხიდის მიმართულებით გაიქცნენ, „ტოიოტას“ მგზავრები კი მათ დაედევნენ. სწორედ ამ დევნის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელის კვალი გაქრა. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში 22 ივნისს იპოვეს.

__________________________________

ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსიაა წყალში დახრჩობით. ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ შაქარაშვილის სხეულზე აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, მიყენებული მკვრივი-ბლაგვი საგნით.

პროკურატურის განცხადებით, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.