„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“, „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც 2017 წელს, ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავთან დაკავშირებით დაარსდა და მას შემდეგ ყოველ წლიურად გაიცემა.
პრემიის დაარსების მიზანია საზოგადოებრივი ინიციატივების პრიორიტეტულობისა და მათდამი ინტერესის ზრდა, სტიმულირება; საზოგადოების გამორჩეული ღვაწლის მქონე წარმომადგენელთა/ორგანიზაციათა პოპულარიზაცია, წახალისება და სტიმულის მინიჭება; სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან ეროვნული, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის მოტივაციის ამაღლება.
პრემიის ლაურეატები არიან: საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II (2017 წ.), მწერალი, პუბლიცისტი და გამომცემელი როსტომ ჩხეიძე (2018 წ.), „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია – SOVLAB“ (2019 წ.).
პრემიით დაჯილდოების ცერემონია წელსაც, ტრადიციულად, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტის „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ ფარგლებში გაიმართება. ვინ იქნება „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის“ მეოთხე ლაურეატი, წელს, 12 სექტემბერს, 19 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ (ილიას და აკაკის ძეგლის მიმდებარედ) ამ დღისათვის საგანგებოდ მოწყობილ ღია სცენაზე გახდება ცნობილი. დაჯილდოების შემდეგ კი, წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ (ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მკვლელობის შესახებ ახალი სცენური ვერსია). ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.