ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებით, პარლამენტში აინიციირებენ კანონპროექტს – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
ისინი ამბობენ, რომ კანონპროექტით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.
ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
რა წერია კანონპროექტში
პარლამენტში პროექტის ოფიციალურად განხილვამდე „პუბლიკამ” წინასწარ მოიპოვა ის. მოძრაობის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში აღნიშნულია, კანონპროექტით შემოდის უცხოური აგენტის ცნება და ის ასეა განმარტებული:
ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური გავლენის აგენტი არის:
ა) ისეთი ააიპ, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის სპორტული ფედერაცია… რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
ბ) ტელევიზიები, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის (გარდა რეკლამისა) 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
გ) იურიდიული პირი, რომელიც ფლობს საქართველოში მოქმედ ბეჭდურ საშუალებას ან ინტერნეტგამოცემას და რომლის შემოსავლის (გარდა რეკლამისა) 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
„შემოსავალში“ იგულისხმება ფულადი თანხა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთე (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთი).
შესაბამისი სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლის წყარო უცხოური ძალაა, თუ:
- ა) აღნიშნულმა სუბიექტმა უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
- ბ) აღნიშნულმა სუბიექტმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი იმ იურიდიული პირისგან, რომელმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
- გ) აღნიშნული შემოსავლის წყარო არ არის იდენტიფიცირებული.
უცხოური ძალა
კანონპროექტში ასევეა განმარტებული, თუ რა ჩაითვლება უცხოურ ძალად;
- ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
- ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
- გ) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
- დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაცია
სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს უცხოური გავლენის აგენტის კრიტერიუმებს, ვალდებულია, მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირების თაობაზე.
ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია
უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებულია, იანვრის თვეში ელექტრონულად, სააგენტოს წარუდგინოს საფინანსო დეკლარაცია, რომელშიც მან სწორად და სრულყოფილად უნდა ასახოს სააგენტოსთვის მისი წარდგენის წლის წინა წლის მდგომარეობით არსებული, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში).
სააგენტო ვალდებულია, მისთვის აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს საფინანსო დეკლარაცია, რისთვისაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი…
კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ საფინანსო დეკლარაცია და მასში ასახული ინფორმაცია საჯაროა. სააგენტო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
მონიტორინგი
უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილ იქნება, ნებისმიერ დროს განახორციელოს მონიტორინგი. პროექტში გაწერილია მონიტორინგის დაწყების საფუძვლები.
უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს 25 000 ლარით მათ დაჯარიმებას. კანონპროექტი „სხვა დარღვევებისთვისაც” ითვალისწინებს სხვადასხვა ოდენობის ჯარიმას.