დღეს, 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომით, „ქართულმა ოცნებამ“ მმართველობის მეცხრე წლისთვის მეხუთე პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა.
- ვინ როგორ წავიდა?
2012 წლის ოქტომბერი – 2013 წლის ნოემბერი | ბიძინა ივანიშვილი
24 ნოემბერს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, მან ვრცელი სიტყვით მიმართა საზოგადოებას.
მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვის არსი ის იყო, რომ მან თავისი ამოცანა შეასრულა:
„მე შევასრულე დანაპირები – საქართველო თავისუფალია მოძალადე რეჟიმისგან, სახელმწიფო ინსტიტუტები გათავისუფლებულია ხელისუფლების ზეწოლისაგან, საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ყველას ინტერესების დამცველი, მთელი ქვეყნის პრეზიდენტი იქნება;
საქართველოს ჰყავს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, რომელიც ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო პოლიტიკოსია; საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მთავრობასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, ფეხზე დააყენებს ქვეყანას.
ეს იყო ჩემი ამოცანა და მე ეს ამოცანა შევასრულე. ამიტომ დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და პოლიტიკიდანაც მივდივარ.”
2013 წლის ნოებერი – 2015 წლის დეკემბერი | ირაკლი ღარიბაშვილი
ბიძინა ივანიშვილის გადადგომისგან განსხვავებით, არსებობდა ლეგიტიმური აზრი, რომ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობა ნებით არ დაუტოვებია.
„თანამდებობები არის დროებითი, ჩემი ძვირფასებო. მარადიული არის უფალი და სამშობლო”, – განაცხადა მან.
ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და შეგვახსენა, რომ პრემიერობიდან ნებით გადადგომის პრეცენდენტი სწორედ ამ უკანასკნელმა შექმნა.
„მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და მისი პოლიტიკური გავლენისა და პოპულარობის ზენიტში მყოფმა მისივე გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა, მან შექმნა მაგალითი, როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე, როგორც დროული მოსვლით, ისე – დროული წასვლით თანამდებობიდან“, – თქვა მან.
2015 წლის დეკემბერი – 2018 წლის ივნისი | გიორგი კვირიკაშვილი
ხელისუფლება ცდილობდა, ემტკიცებინა, რომ კვირიკაშვილის თანამდებობა „იუნისეფის“ მიერ გამოქვეყნებულ სიღარიბის კვლევას შეეწირა.
ღარიბაშვილისგან განსხვავებით, კვირიკაშვილმა გადადგომის მიზეზად მასა და გუნდს (სადაც ბიძინა ივანიშვილი იგულისხმებოდა) შორის რიგ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
„გუშინ გაიმართა შეხვედრა, რომლის შემდეგაც გაკეთდა საჯარო განცხადებები. გამოიკვეთა ჩემსა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობა. საუბარი იყო მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკის პოლიტიკასთან დაკავშირებით. ბოლო დღეების განმავლობაში იყო რიგი ფუნდამენტური საკითხები, რომელზეც განსხვავებული პოზიციები გვქონდა პარტიის თავმჯდომარესთან. პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს “, – განაცხადა მან.
2018 წლის ივნისი – 2019 წლის სექტემბერი | მამუკა ბახტაძე
ორიგინალური იყო პრემიერ ბახტაძის მიერ თანამდებობის დატოვების ფორმა. მან ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ფეისბუქის მეშვეობით ამცნო. მან ძალიან ვრცელ პოსტში მიმოიხილა საქართველოს წარმატებული პოლიტიკა, თითქმის ყველა სფეროში.
„განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე” – დაპოსტა მან.
2019 წლის სექტემბერი – 2021 წლის 18 თებერვალი | გიორგი გახარია
ყველა პრემიერისგან (ივანიშვილის გარდა) განსხვავებით გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც კი შეაფასეს, როგორც მისი დამოუკიდებელი ნაბიჯი.
„ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლობლობას, არის მიუღებელი…
ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.