დღეს, 26 აპრილს ვატინაკში პაპ ფრანცისკეს კრძალავენ.
დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად მსოფლიო ლიდერები ჩავიდნენ, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და სხვები – მსოფლიოს 130 ქვეყნის დელეგაცია და 50-მდე ლიდერი.
ვატიკანშია „ქართული ოცნების” მიერ დანიშნული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი.
ის წინა რიგში ზის. მასთან ახლოს არის მოთავსებული ემანუეკ მაკრონი. იქვეა დონალდ ტრამპიც.
პაპის დაკრძალვის პროტოკოლის თანახმად, ლიდერებისთვის ადგილები ქვეყნების მიხედვით ფრანგული ანბანური თანმიმდევრობით არის გამოყოფილი. ფრანგული ანბანის მიხედვით იმიტომ, რმ ვატიკანი ფრანგულს მიიჩნევს დიპლომატიურ ენად.
უკრაინისა (Ukraine) და აშშ-ის (United States) პრეზიდენტები გვერდიგვერდ არ სხედან, ვინაიდან ფრანგულ ენაზე აშშ არის Etats Unis. ყაველაშვილის გვერდით არ ზის გერმანიის კანცლერი, ვინაიდან გერმანია ფრანგულად არის Allemagne.
BBC წერს, რომ „საუკეთესო ადგილებს” იტალიის პრეზიდენტს სერჯიო მატარელას, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონინს და არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეის შეხვდათ. მატარელა ვატიკანს წარმოადგენს, მილეი კი იმ ქვეყანას, საიდანაც იყო პაპი ფრანცისკე.
პაპი ფრანცისკე 2025 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა.
გარდაცვალებიდან 15-20 დღეში ვატიკანის სიქსტის კაპელაში ახალი პაპის არჩევის კონკლავი დაიწყება. ზუსტ თარიღს კარდინალები დაადგენენ.
კენჭისყრა ფარულია. მასში მონაწილეობა შეუძლია 80 წლამდე ასაკის ყველა კარდინალს.
ახალი პაპის ასარჩევად საჭიროა ხმების ორ მესამედს პლუს ერთი რაოდენობა. აქედან გამომდინარე, კენჭისყრა შესაძლოა რამდენჯერმე ჩატარდეს და პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ ახალ პაპს სთხოვენ თანხმობას.
მან ასევე უნდა თქვას, რა სახელის ტარება სურს.
ამის შემდეგ კაპელიდან თეთრი კვამლი ამოვა.