ვინ შედის „ოცნების“ პარლამენტში „ოცნების“ გამოკლებული წევრების ნაცვლად

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტში გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების კენჭისყრის პროცედურა ჩატარდა.

„ოცნების“ პროპორციული სიის მიხედვით:

ბიძინა ივანიშვილის ადგილმონაცვლე გახდა ლევან მაჭავარიანი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტშიც დეპუტატი იყო;

ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე – არჩილ გორდულაძე, რომელიც ასევე იყო წინა მოწვევის პარლამენტის წევრი. დაანონსებულია, რომ გორდულაძე იურიდიული კომიტეტის თავმდჯომარის პოსტს დაიკავებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლა – სალომე ჯინჯოლავამ, წინა მოწვევის პარლამენტის წევრმა.

მაკა ბოჭორიშვილი – თორნიკე ბერეკაშვილმა, რომელიც საქართველოს გენერალური კონსული იყო ოდესაში.

მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლეა თორნიკე ჭეიშვილი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე.

ანრი ოხანაშვილი შეცვალა პაატა სალიამ, რომელიც „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი და მეწილეა.

მიხეილ ყაველაშვილი შეცვალა გიორგი გუგუჩიამ, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული იყო.

დავით სონღულაშვილი ჩაანაცვლა ირაკლი ჭეიშვილმა, რომელიც „ოცნების“ აჭარის შტაბის ხელმძღვანელი იყო.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პარტიის ლიდერებს და „ოცნების“ მინისტრთა კაბინეტის წევრებს მანდატი, რომელიც, იურისტების შეფასებით, კანონდარღვევით ჰქონდათ მინიჭებული, დღეს, 10 დეკემბერს შეუწყვიტა.

25 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტის შენობაში შეიკრიბა და გარეთ საპროტესტო აქციის ფონზე მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პროცედურა ჩაატარა.

როგორც კონსტიტუციონალისტები და იურისტები ამბობენ, არჩევნების შედეგების, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების პერიოდში დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონო და არაკონსტიტუციურია.

მათი შეფასებით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილებაცნობილი პარლამენტის გადაწყვეტილებებს, მათ შორის, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას და პრეზიდენტის არჩევას, ლეგიტიმაცია ვერ ექნება.