ვინ შეიძლება გახდეს ცესკოს თავმჯდომარე | ბიოგრაფიები

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეებისგან დაკომპლექტებულმა 11-კაციანმა კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატად კომისიის აპარატის მოქმედი თანამშრომლები გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეარჩია. კანდიდატებმა ვერ მოიპოვეს არასამთავრობო ირგანიზაციების წევრთა მხარდაჭერა.

გაეცანით თავმჯდომარეობის კანდიდატების ბიოგრაფიებს, რომლებიც გამოქვეყნებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გიორგი კალანდარიშვილი

1984 წელს დაბადებული გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თანამშრომელია. ის ინფორმაციული უსაფრთხოების საბჭოს წევრია.

კალანდარიშვილმა დაწყებითი განათლება ქუთაისში მიიღო, უმაღლესი განათლება – აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით. აქვს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის სპეციალისტის კვალიფიკაცია. კალანდარიშვილმა ასევე დაამთავრა იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და აქვს იურისტის კვალიფიკაცია მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხით.

კომისიისთვის წარდგენილ ბიოგრაფიაში კალანდარიშვილი წერს, რომ სტაჟირება გაიარა იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.

საერთაშორისო პროექტით რამდენიმე თვით იმყოფებოდა ბრიტანეთში.

2005-2008 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოებებში მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი 2008 წელს მიიღო. ამის შემდეგ კალანდარიშვილი კონკურსის წესით დაინიშნა ცესკოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად.

2009 წელს დაინიშნა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად.

2011 წელს დაინიშნა ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივნად, დღეს კი აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარეა.

2019 წელს გიორგი კალანდარიშვილი დაინიშნა ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად, 2021 წლის 25 მაისიდან დაინიშნა ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

კალანდარიშვილი თავის ბიოგრაფიაში წერს, რომ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ცესკოს ხარისხის მენეჯერია.

გიორგი სანტურიანი

1990 წელს დაბადებული გიორგი სანტურიანი დღემდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსია.

სანტურიანმა დაწყებითი და უმაღლესი განათლება ქუთაისში მიიღო. სწავლობდა საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლამცოდნეობის სპეციალობაზე. 2013-2015 წლებში სწავლობდა წერეთლის უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო სამართლის მიმართულებაზე.

2011-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში – ეკავა ქუთაისის ფილიალის პროექტის იურისტის, ადვოკატის, თავმჯდომარის მოადგილის და ფილიალის თავმჯდომარის პოზიცია. ჩაბარებული აქვს აკვალიფიკაციო გამოცდები საერთო და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციით.

სანტურიანმა ცესკოში მუშაობა 2018 წელს დაიწყო. თავდაპირველად დასაქმებული იყო იურიდიული  დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის და საარჩევნო დავების განყოფილებაში, 2020 წლიდან კი არის იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარე.


რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს, ვაკანტურ ადგილებზე დასანიშნად შეირჩნენ: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების სია პრეზიდენტს გადაეგზავნა. პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტმა თითო ვაკანსიაზე 2 კანდიდატი უნდა შეარჩიოს და 3 დღის ვადაში წარუდგინოს პარლამენტს.

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დასამტკიცებლად მას მხარდაჭერა  ხმების 2/3-ით, ანუ მინიმუმ 100 ხმით უნდა გამოუცხადოს.