ვინ შექმნა facebook-გვერდი - Bidzina Ivanishvili & Media | ISFED

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები” (ISFED) ეხმაურება ცნობილი Facebook-გვერდისთვის Bidzina Ivanishvili & Media-ის სახელის გადაკეთებას  Gakharia & Media-ად. ორგანიზაციის თქმით, ფეისბუქ-გვერდი Bidzina Ivanishvili & Media 2011 წელს გაბრიელ წულაიას მიერ არის შექმნილი.

„გვერდმა Bidzina ivanishvili & media, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით პოზიტიური პოსტი გამოაქვეყნა. სოციალურ მედიაში გამოხმაურებების შემდეგ გვერდმა 23 მარტს სახელწოდება შეიცვალა და ამჟამად Gakharia & Media ჰქვია. ამჟამად, გვერდს 97 770 გამომწერი ჰყავს. ფეისბუქგვერდი Bidzina Ivanishvili & Media 2011 წელს გაბრიელ წულაიას მიერ არის შექმნილი. CrowdTangle-ის მონაცემებით, შექმნის დღიდან გვერდმა სულ 5 631 პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ჯამში 2 041 736 ინტერაქცია (კომენტარი, რეაქცია, გაზიარება) ჰქონდა“, – აღნიშნავს ISFED მასალაში.

ISFED-ის ინფორმაციით, გაბრიელ წულაია საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.

„2013 წლიდან 2015 წლამდე წულაიას საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2015 წელს იგი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინტერნეტკომუნიკაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა.

2017 წლის დეკემბერში, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნიდან ერთ თვეში, წულაიამ შსს-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დაიკავა. 2019 წლის სექტემბერში, გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, გაბრიელ წულაია მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდა. მისი პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომიდან მალევე კი, თანამდებობა წულაიამაც დატოვა“, – ამბობს ორგანიზაცია.

ISFED სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ გაბრიელ წულაიამ 2020 წლის 17 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 6 000 ლარის ოდენობის არაფულადი შემოწირულობა გაიღო.

„აღნიშნული ინფორმაცია მიუთითებს, რომ სტრატეგიული კომუნიკაციების სამთავრობო უწყებები მკვეთრად არ არიან გამიჯნული მმართველი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“, საინფორმაციო კამპანიებისგან და საჯარო რესურსები, რომლებიც გარე თუ შიდა დეზინფორმაციული გამოწვევების საპასუხოდ უნდა იყოს მიმართული, შესაძლოა, არამიზნობრივად გამოიყენებოდეს“, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

როგორც ISFED ამბობს, ამჟამად გვერდს ერთი ადმინისტრატორი მართავს, თუმცა 2019 წლის დეკემბრამდე გვერდს 19 ადმინისტრატორი ჰყავდა.

„საგულისხმოა, რომ გვერდი Bidzina ivanishvili & media 2019 წლის დეკემბერში დროებით, სავარაუდოდ ადმინისტრატორების დივერსიფიცირების მიზნით ფეისბუქზე მიუწვდომელი გახდა, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ფეისბუქმა საქართველოში პარტია „ქართულ ოცნებასთან” კავშირში მყოფი ანგარიშების ქსელი პლატფორმიდან წაშალა. ამჟამად გვერდს ერთი ადმინისტრატორი მართავს, თუმცა 2019 წლის დეკემბრამდე გვერდს 19 ადმინისტრატორი ჰყავდა“, – წერს ორგანიზაცია.

მთლიანი მასალის სანახავად, გადადით ბმულზე.


„Bidzina Ivanishvili& media „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდი არაა და ის შეიძლება იყოს პარტიის მხარდამჭერთა მიერ შექმნილი გვერდი”, – ასე უპასუხა გუშინ „ქართული ოცნების“ მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა გვერდთან დაკავშირებით „პუბლიკას“ კითხვას.