ვინაა დაინტერესებული, რომ ქვეყანას ჰყავდეს ცუდი ჯანდაცვის მინისტრი | ტიკარაძე განცხადებას განმარტავს

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მოუწია, განემარტა რადიო „იმედისთვის” მიცემული კომენტარი – ვის გულისხმობდა ხალხში, „რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოს ჰყავდეს ცუდი ჯანდაცვის მინისტრი” და „არაერთი ადამიანის ინტერესების გადაკვეთა რომ მოხდა”. გთავაზობთ ტიკარაძის დღევანდელ განმარტებასა და გუშინდელ განცხადებას:

„თქვენივე ინტერვიუა, სადაც ამბობთ, რომ გარკვეული ჯგუფები თქვენს გუნდში დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოს ჰყავდეს ცუდი ჯანდაცვის მინისტრი და მათ აქვთ საკუთარი ბიზნესინტერესებიო. ვის გულისხმობთ და ვინ გებრძვით?“ – ჰკითხა ჟურნალისტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრს.

„აქ თქვენ გაქვთ შეზავებული ორი კითხვა და ორ კითხვაზე პასუხი. ის, თუ ვინ არის დაინტერესებული, რომ საქართველოს ჰყავდეს ცუდი ჯანდაცვის მინისტრი, ეს იყო კითხვაზე პასუხი, სადაც საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტრი არ ფლობს დიპლომს და ვინ არის ამაში დაინტერესებული და მე ვთქვი, რომ გარკვეული ჯგუფები არიან ამით დაინტერესებული;

რაც შეეხება ბრძოლასთან მიმართებაში დაკავშირებულ შეკითხვას, აქ განმარტებული იყო, რომ გარკვეულ ბიზნესწარმომადგენლებს შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი ინტერესები, თუმცა დასახელებულები ჯგუფის წევრები ნამდვილად არ ყოფილან და არც გუნდში მყოფი არც ერთი მაღალჩინოსანი.

ასევე აღვნიშნე, რომ ამისთვის საჭიროა საკმარისი მტკიცებულებები და ეს გამოძიება მე არ მიწარმოებია, ვინაიდან ნამდვილად არ მაქვს ამისთვის საკმარისი დრო და ინტერესი“, – განმარტა ეკა ტიკარაძემ.

ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ დააზუსტეს: „არ გამორიცხავთ, რომ, შესაძლოა, იყვნენ გუნდში, მთავრობაში ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ სურთ თქვენი წარმატება?“

ამ შეკითხვის საპასუხოდ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ „უბრალოდ, არ გამორიცხავს, რომ გუნდის გარეთ იყვნენ ასეთი ადამიანები”.

„მე მესმის, რომ თქვენ ეძებთ სკანდალს. დევს ჩანაწერი, ადექით და გადაახვიეთ. თანამდებობის პირი და გუნდი არანაირ კავშირში არ არის მიზეზთან“, – განაცხადა მინისტრმა.


ინტერვიუ, რომლის განმარტებაც ეკატერინე ტიკარაძეს დღეს ჟურნალისტებთან მოუწია, 16 დეკემბერს რადიო „იმედის“ ეთერში გავიდა.

ჯანდაცვის მინისტრი სტუმრად იყო გადაცემა „კვირის პოლიტიკაში“, სადაც მას ჟურნალისტმა უთხრა, რომ პანდემიის დროს მინისტრობის პერიოდში ეკატერინე ტიკარაძის მიმართ ნეგატიური კამპანია დაიწყო.

„როგორ ფიქრობთ, გუნდში ვერ აიტანა ვინმემ თქვენი წარმატება?“, – ჰკითხა მინისტრს ჟურნალისტმა.

„იცით, არც ჟურნალისტური გამოძიება გამიკეთებია და არც პირადი გამოძიება არ ჩამიტარებია ამასთან დაკავშირებით, გუნდში მოხდა ეს ვერატანა თუ არა, მაგრამ ნუ ფაქტი არის და, რა თქმა უნდა, ეს განცდა ნამდვილად მაქვს, რომ არა მხოლოდ ამის გამო, არამედ თვითონ იმ გადადგმულ ნაბიჯებში, რომლებიც გადადგმულია, მე მქონდა იმის მოლოდინი, რომ არაერთი ადამიანის ინტერესებზე მოხდებოდა გადაკვეთა და ეს გადაკვეთა ნამდვილად მოხდა.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის ამაში გარკვეული სიმართლე, რომ არის ხალხი, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ საქართველოს ჰყავდეს ცუდი ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც თავისი კომპეტენციებით თავს ვერ ართმევს იმ დაკისრებულ ვალდებულებას, რომელიც მას დღესდღეობით აქვს”, – განაცხადა ტიკარაძემ.

წამყვანის შეკითხვაზე, ეს ადამიანები მაღალ თანამდებობებზე არიან? ჯანდაცვის მინისტრი პასუხობს: „შეიძლება არც იყვნენ ეს ადამიანები მაღალ თანამდებობებზე, მაგრამ მათ საკმაოდ დიდი ბიზნესინტერესები აქვთ”.

წამყვანის მომდევნო შეკითხვა ეკატერინე ტიკარაძის დიპლომს შეეხებოდა, რომელზეც მინისტრმა განმარტა, რომ მას აქვს დამთავრებული სტომატოლოგიური ფაკულტეტი და აქვს დიპლომი.

ტიკარაძის განმარტებით, საქართველოში თითოეულ ექიმს საქმიანობისთვის სჭირდება ზოგადი პროფილის სახელმწიფო ლიცენზია, ვიწრო სპეციალობის სახელმწიფო ლიცენზია და მისივე თქმით, ამ ლიცენზიებს ვერ მიიღებდი, თუ დიპლომი არ შეესაბამებოდა მოთხოვნილ კვალიფიკაციას.