„ვინაიდან შეთანხმება ვერ შედგა" - ვის და რატომ ართმევენ საკუთრებას

პუბლიკა

თბილისში, ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობისთვის 5 მესაკუთრის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის წესით ჩამორთმევა იგეგმება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შესაბამისი ბრძანებით ირკვევა, რომელიც 2026 წლის 6 აპრილით თარიღდება.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ტერიტორია წარმოადგენს ე.წ. „იტალიური ეზოს“ ტიპის დასახლებას და ჯამში მესაკუთრედ რეგისტრირებულია 24 ფიზიკური პირი.

ბრძანებაში ასევე ვკითხულობთ, რომ 13 მესაკუთრესთან მიღწეულ იქნა შეთანხმება და მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ნებაყოფლობით იქნა გამოსყიდული. თუმცა მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ზემოთ აღნიშნულ 5 მესაკუთრესთან.

„… უძრავი ქონების მესაკუთრეებს წერილობით ეცნობათ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 04 მარტის №417 განკარგულების შესახებ და მიეცათ უძრავი ქონების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება – სსიპ-„ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” დასკვნებით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული”, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

ეკონომიკის სამინისტრო წერს, რომ პროექტი წარმოადგენს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტს და ვინაიდან, კომპანიასა და უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის ვერ მოხდა შეთანხმება უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უძრავი ქონების გამოსყიდვა  სახელმწიფო კომპანიას – შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ ავალია.

ბრძანებაში ჩამოთვლილი პირების (ტარიელ გუსეინოვი, გოჰარ გასპარიანი, მედიკო პაპიაშვილი, მარინე კობიაშვილი, დარიკო პაპიაშვილი) ქონება ჯამში 307.8 კვ.მ-ს შეადგენს.

რატომ გახდა საჭირო ქონების იძულებით ჩამორთმევაზე გადაწყვეტილების მიღება? – რას წერს სამინისტრო:

ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში მრავალი წელია ფუნქციონირებს „ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრი”.

თეატრი განთავსებულია ქალაქ თბილისში, გორგასლის ქუჩა №1-ში. აღნიშნულ შენობაში, თეატრს უზუფრუქტის უფლებით გადაცემული აქვს გარკვეული ფართები, რომელიც არ არის საკმარისი მსგავსი ტიპის შემოქმედებითი ორგანიზაციის საქმიანობისთვის. ამასთან, შენობა ავარიულ მდგომარეობაშია.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება,  აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სახსრებით, ახალი შენობის აშენების თაობაზე:

„2023 წლის 27 ოქტომბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის და საქართველოს პრემიერ-მინისტრების მონაწილეობით გაიმართა ახალი შენობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია.

მოგვიანებით, შენობის ტერიტორიის დაპროექტებისას გამოვლინდა, რომ მიწის ნაკვეთები მშენებლობის განსახორციელებლად არ იყო საკმარისი და ორივე ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამშენებლო მოედნის გაზრდის თაობაზე, რამაც დამატებით მოიცვა №01.18.04.015.013 და №01.18.04.004.002 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონება…”, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

რისი აშენება იგეგმება?

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება –„ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის“ სამშენებლო სამუშაოები, რაც გულისხმობს 5 380 კვ.მ მიწის ნაკვეთზე „გაბარიტული ნაგებობის” მოწყობას.

„ცენტრის მთავარ შენობაში შესვლისთანავე განთავსებული იქნება 780 კვ.მ ფართობის საზოგადოებრივი სივრცე, რაც „ძველი აბანოს“ ისტორიულ შენობას დააკავშირებს მთავარ „ფოიესთან”.

ასევე დაუკავშირდება „ბავშვთა თეატრს“, რომელსაც იმავდროულად მთავარი შენობისგან დამოუკიდებელი ექსპლუატაციის საშუალება ექნება.

ობიექტზე მოეწყობა საკონცერტო დარბაზი, მისაღები და სხვა კულტურული ღონისძიებებისთვის გათვლილი სივრცეები.

აღსანიშნავია, რომ „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის“ მშენებლობა რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ადგილი გახდება, რაც წარმოდგენილი პროექტის მიხედვით განსაკუთრებულ როლს შეიტანს როგორც თეატრის ასევე, საქართველოს მრავალეთნიკური კულტურული სივრცის მეტ განვითარებაში.

აღნიშნული თავის მხრივ ეფუძნება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხალხებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს.

ცენტრი უნდა ჩამოყალიბდეს როგორც მრავალფუნქციური საგანმანათლებლო პლატფორმა, სადაც განხორციელდება კულტურული და აკადემიური პროგრამები.

აღნიშნული ხელს შეუწყობს ცოდნის გაცვლას, ახალგაზრდების განვითარებასა და რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამასთანავე, ცენტრი შექმნის დამატებით შესაძლებლობას კულტურული ტურიზმის განვითარებისათვის და იქცევა საერთაშორისო კულტურული ღონისძიებების, გამოფენებისა და ფესტივალების ჩატარების მნიშვნელოვან სივრცედ, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაზე და ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრის მშენებლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ინიციატივას”, – წერია ბრძანებაში.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში.