საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო დღეიდან 2020 წლის ბოლომდე აღებული იპოთეკური სესხის სუბსიდირებას გააკეთებს. პრემიერის თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო, სამშენებლო ბიზნესი განსაკუთრებით დაზარალდა და მშენებლობების გაჩერების თავიდან ასარიდებლად სახელმწიფომ მათი დახმარება გადაწყვიტა.
„ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს გეგმა დეველოპერებისა და მშენებლებისთვის. ეს არ არის მხოლოდ კომპანიების დახმარება. ეს არის დახმარება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ, ან უკვე ამ პროცესში არიან – უკვე გადახდილი აქვთ პირველადი შენატანი ან მათი ბინა სამშენებლო ეტაპზეა. ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული.
დღეიდან წლის ბოლომდე სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც წლის ბოლომდე გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერის თქმით, ამასთან ერთად, 150 მილიონი ლარი იძულებით გადაადგილებულ პირთა ბინებით დაკმაყოფილებისთვისაც გამოიყოფა.