ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „დღის კურიერში“ აცხადებს, რომ სავალდებულო ვაქცინაცია, მაგალითად, ცალკეულ პროფესიულ ჯგუფებში უკვე დაგვიანებულია, თუმცა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით დასძენს, რომ საბოლოო ჯამში აცრა არასოდეს არის გვიან.
„ვფიქრობ, სავალდებულო ვაქცინაცია უკვე დაგვიანებულია, მაგრამ არასოდეს გვიანი არ არის, რა თქმა უნდა. ჩვენ ყველა დღე, როცა ვაქცინაციის ნიშნულს ავწევთ, რომელიც ძალიან ქვემოთ არის ახლა ჩამოსული, განსხვავებით აგვისტო-სექტემბრისა, რასაკვირველია, ეს ითარგმნება პირდაპირ გადარჩენილი ადამიანების სიცოცხლეში.
ამიტომ, პედაგოგები იქნებიან, თუ სახელმწიფო მოხელეები, თუ ყველა, ვინც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს და სამედიცინო პერსონალი, რასაკვირველია, მანდატორული ვაქცინაცია, თუ ადამიანს ახლა აქვს დროებითი გადავადების უკუჩვენება, ეს შეიძლება იყოს რამე მწვავე დაავადება, რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ ექნება ექიმის ჩანაწერი ან სხვა რაიმე უიშვიათესი უკუჩვენება, ალერგენები, რომლებიც შემავალია ვაქცინაში, თუ მის მიმართ აქვს ადამიანს ანაფილაქსია, სულ რამდენიმე გამონაკლისი არსებობს, ერთი დროებითია და მუდმივი არის თითზე ჩამოსათვლელი, სხვა შემთხვევაში ადამიანს არ უნდა ჰქონდეს უფლება ვაქცინაციისგან თავის დაღწევის ან ალტერნატივა უნდა იყოს, რასაკვირველია, ინტენსიური ტესტირების რეჟიმი. სხვანაირად, ეს რაც უფრო დაგვიანდება, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო უკან-უკან წავა“, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.