პარტია „ლელომ“ ოკუპანტი სახელმწიფოს სამსახურში მყოფი პირების ლუსტრაციისთვის საკანონმდებლო პაკეტი შეიმუშავა, ‒ დღეს პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა და როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ლუსტრაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელეს.
მისივე თქმით, პარტია სადისკუსიოდ იწვევს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რათა შედგეს კონსენსუსი.
„ეს არის სერიოზული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც ახლა ხდება და ვფიქრობ, ეს კანონმდებლობა არის აუცილებელი და სასწრაფოდ მისაღები“, ‒ აღნიშნა მან.
რა საკითხებს მოიცავს მათ მიერ მომზადებული პაკეტი
პროცესის დეტალებზე facebook-ჩართვისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, მათ მიერ დამუშავებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც „ლუსტრაციის პაკეტი“ შეარქვეს, რამდენიმე აქტისგან შედგება. ნაწილი უკვე პარლამენტშია, ნაწილი კი დამუშავებულია და ექსპერტებთან დეტალების დაზუსტების ბოლო ეტაპზეა.
„ეს კომპლექსური მიდგომა განაპირობა იმან, რომ აღნიშნული პრობლემა უკვე გასცდა იმ საზღვრებს, რომელსაც ჩვეულებრივი კანონმდებლობით, ჩვეულებრივი ზომებით შეიძლება გაუმკლავდე. მთელი მსოფლიო გადასულია სპეციალური ზომების მიღებაზე. დემოკრატიული სისტემა კი იძლევა იმის საშუალებას, რომ დემოკრატიული მეთოდებითა და საშუალებით მოხდეს იმ ბოროტებასთან ბრძოლა, რასთან ბრძოლაც სწორედ დემოკრატიის ამოცანაა.
ამიტომ, აქ არაა საუბარი არანაირ შეზღუდვაზე პოლიტიკური თუ მედიასაქმიანობის, მაგრამ ნამდვილადაა საუბარი იმის შეზღუდვაზე, რაც სახელმწიფოს მთავარ საყრდენ ფუნდამენტს ებრძვის. ამის თაობაზე ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკა…
…საქართველოში ის ლუსტრაცია დაგვიანდა, 30 წლის წინ KGB-ს აგენტების ლუსტრაცია რომ იყო აუცილებელი. სამწუხაროდ, 30 წლის თავზე სხვა ტიპის ხალხი გვყავს გამოსავლენი ‒ დღეს დღევანდელ საქართველოში ხალხი, ვინც მტრული სახელმწიფოს სამსახურშია. ამიტომ, არ იფიქროთ, რომ ეს არის კანონპროექტი, რომელიც წინა საუკუნის საკითხებს გამოიკვლევს. ეს გამოიკვლევს დღევანდელ, გუშინდელ და გუშინწინდელ თემებს, ვინ ემსახურება თავის ქვეყანას და ვინაა ოკუპანტი სახელმწიფოს სამსახურში“, ‒ განმარტა უსუფაშვილმა.
პარტია „ლელოს“ განცხადებით, კანონპროექტმა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები საკანონმდებლო დონეზე უნდა დაარეგულიროს და აკრძალოს.
„საკანონმდებლო პაკეტს აქვს შემდეგი შინაარსი ‒ მოხდეს მტრული სახელმწიფო სამსახურში მყოფი და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი პირების გამოვლენა, მათი სახელმწიფო თანამდებობებზე არდაშვება, იმ საჯარო მოხელეების პასუხისგებაში მიცემა, ვინც განზრახ ხელს უშლიან საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში განზრახ კონსტიტუციით გარანტირებული ინტეგრაციის კურსს ან არ ასრულებენ ოკუპაციის შესახებ მოქმედ კანონმდებლობას. იმ მედია და საინფორმაციო საშუალებების აკრძალვა, რომლებიც ტოტალიტარულ იდეოლოგიას ავრცელებენ, ეწევიან ოკუპანტი ქვეყნის აგრესიული ომის პროპაგანდას და ავრცელებენ ოკუპანტი სახელმწიფოს დეზინფორმაციას საქართველოში“, – აღნიშნულია განცხადებაში.