მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი „რიონის ხეობის მცველებთან“ ერთად თბილისში პრაიდის წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
მან თბილისში მედიასთან კომენტარი გააკეთა. „TV პირველთან“ ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო საპატრიარქოს მოწოდება და ამიტომაც ჩამოვიდნენ აქციაზე.
„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ საპატრიარქოს მოწოდებას შემოვუერთდით დღეს დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით. იცით, რომ მრევლის მისამართით გაკეთდა მოწოდება და ჩვენ, როგორც ეკლესიის მრევლი, შემოვუერთდით. იცით, რომ ვეწინააღმდეგებით პრაიდის იდეას, დავაფიქსირეთ კიდეც ჩვენი პოზიცია წერილობით.
რა თქმა უნდა, ძალადობა ყველა ფორმით და ნებისმიერი ადამიანის მიმართ არის მიუღებელი და ამას ჩვენ ვემიჯნებით. უბრალოდ აქ ვიცავთ ჩვენს უფლებას, მათ შორს, რომელიც არ სცილდება იმ ფარგლებს, რომ უბრალოდ მოვიდეთ, დავდგეთ და დგომით გამოვხატოთ…
საპატრიარქოს მოწოდება არის მნიშვნელოვანი, რომ მივიღოთ ამ შეკრებაში მონაწილეობა, როგორც ეკლესიის წევრებმა და როგორც პროტესტის ერთ-ერთმა ავტორმა მინდა, გითხრათ, რომ პრაიდის იდეა აი ამ სამოქალაქო ერთობას უქმნის საფრთხეს. ის ადამიანი, რომლებიც თავისი ცხოვრების წესის აფიშირებას არ ახდენს და პროპაგანდას არ უწევს თავისი ცხოვრების წესს, მათთან ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს და ჩვენს აქციებზეც მათ შორს არაერთხელ ყოფილან ალბათ ასეთი ადამიანები, რომლებიც არ ავლენდნენ ამას არანაირი ფორმით“, – ამბობს ის.
დღეს, 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ღირსების მარშია დაგეგმილი. მათ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები არიან შეკრებილი. პრაიდის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც.