ვინც უსახლკაროდ დარჩა, ტრანსგენდერი თუ სხვა ვინმე, მოდით ჩვენთან, ეკლესიაში - მალხაზ სონღულაშვილი

პუბლიკა

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ეხმაურება ფაქტს, რა დროსაც ტრანსგენდერმა ქალმა პროტესტის ნიშნად თბილისის მერიასთან თავის დაწვა სცადა.

“მე მივმართავ ქალაქის ხელისუფლებას, რომ სირცხვილია, როდესაც ჩვენს ქალაქში ადამიანი მზად არის თავი დაიწვას იმის გამო, რომ არავის აინტერესებს მისი ბედი”. – ამბობს ქადაგებაში მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი.

ის ამბობს, რომ მათ ეკლესიის პირობები მოკრძალებულია და წინასწარ ბოდიშს იხდის ამის გამო, მაგრამ ყველა უსახლკაროდ დარჩენილს სთავაზობს თავშესაფარს.

“მე მინდა მივმართო ყველა ადამიანს, ვინც დარჩენილია უსახლკაროდ, ულუკმაპუროდ, ტრანსგენდერი იქნება ეს, თუ ვინ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. მოდით და ჩვენ გაგიზიარებთ რაც გვაქვს.  ჩვენთან ეკლესიაში, წინასწარ ბოდიშს გიხდით მოკრძალებულობაზე,

ყველა ადამიანი, ტრანსსექსუალი იქნება ეს თუ ჰეტეროსექსუალი, შავკანიანი თუ თეთრკანიანი, ღმერთი ხატად და სახედ არის შექმნილი. შესაბამისად, ჩვენ ყველას მოწიწებული დამოკიდებულება გვმართებს ადამიანის მიმართ.

არამარტო ადამიანის, არამედ მთელი სამყაროს მიმართ გვმართებს ზრუნვა. ვამაყობ იმ ახალგაზრდებით, რომლებიც ამ კარანტინის პირობებში გამოდიან სახლებიდან ჩანთებით ხელში და საკვებს ურიგებენ ქუჩაში მყოფ ცხოველებს. რა თქმა უნდა, ისინი არ ფიქრობენ, რომ დიდ რელიგიურ საქციელს სჩადიან, მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, ამაზე დიდი რელიგიური საქციელი არ არსებობს, როდესაც შეგიძლია უანგაროდ გაიღო სიკეთე ამ სამყაროს თითოეული წევრის მიმართ, ვინც არ უნდა იყოს ის”. – ამბობს ქადაგებაში მიტროპოლიტი.

შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს ტრანსგენდერმა ქალებმა თბილისის მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მთავრობისგან დახმარებას ითხოვდნენ. პანდემიის გამო უშემოსავლოდ დარჩენილები ბინის ქირას ვეღარ ისტუმრებენ და ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ. ერთ-ერთმა მათგანმა თავის დაწვა სცადა, ის კლინიკაშია გადაყვანილი.