ვინისიუსი, მამარდაშვილი  და რასიზმი ლა ლიგაში − რა მოხდა

პუბლიკა

საფეხბურთო კლუბ მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელ შემტევს, ვინისიუს ჯუნიორს ლა ლიგაში (ესპანეთის ჩემპიონატში) ბოლო პერიოდში მოედანზე თამაში რასისტული შეძახილების ფონზე უწევს. „მაიმუნი“, „შავი“ −  სკანდირებდა რამდენიმე დღის წინ, „რეალისა“ და „ვალენსიას“ შეხვედრის დროს ვინისიუსის მისამართით მესტალიას სტადიონი.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „ვალენსიას“ რასისტ ქომაგებზე მსაჯს რამდენჯერმე მიუთითა. თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა და უკვე ფეხბურთელებს შორის დაპირისპირებით განახლდა. რასისტული შეძახილებით გაღიზიანებულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა შეხლა-შემოხლის დროს „ვალენსიას“ ფეხბურთელს ხელი ჰკრა, რის გამოც მსაჯმა დასაჯა და მოედნიდან გააძევა. შეხვედრის შემდეგ ვინისიუს ჯუნიორმა თქვა, რომ „ეს ფეხბურთი არაა. ლა ლიგა გახდა რასისტების ჩემპიონატი“.

მანამდე ვინისიუსთან ჩხუბის ეპიზოდში „ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც ჩაერთო, რის გამოც მან ყვითელი ბარათი მიიღო.

მოგვიანებით ქართველმა მეკარემ ვინისიუსთან დაპირისპირება იმით ახსნა, რომ ბრაზილიელი ფორვარდისგან თანაგუნდელის შეურაცხყოფა ვერ მოითმინა. მამარდაშვილმა რასიზმი დაგმო და ვინისიუსს მხარდაჭერაც გამოუცხადა.

ვინისიუსი − „რასიზმი ლა ლიგაში ნორმაა“

ვინისიუსის თქმით, მსაჯმა რასისტი ქომაგები მისი გაძევებით დაასაჩუქრა. „პრიზი, რომელიც რასისტებმა მიიღეს, ჩემი გაძევება იყო. ეს ფეხბურთი არაა, ეს ლა ლიგაა.“

ბრაზილიელი ფეხბურთელი ამბობს, რომ რასისტული შეძახილები ესპანელი ქომაგებისგან მას სტადიონზე პირველად არ მოუსმენია.

„ეს პირველად, მეორედ ან მესამედ არ ხდება. ლა ლიგაში რასიზმი ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩემპიონატისა და ფედერაციის ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ეს ნორმალურია, მეტოქე გუნდები კი ამას ხელს უწყობენ. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემპიონატი, რომელიც ოდესღაც რონალდინიოს, რონალდოს, კრიშტიანუსა და მესის ეკუთვნოდა, ახლა რასისტებს ეკუთვნით.“ − თქვა ბრაზილიელმა ფორვარდმა.

ვინისიუსი ამბობს, რომ, მიუხედავად მის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა, „ძლიერია და რასიზმის წინააღმდეგ ყოველთვის იბრძოლებს.“

დასჯილი „ვალენსია“ და მისი ქომაგები

მატჩის შემდეგ „ვალენსიამ“ ოფიციალური განცხადებით რასიზმი დაგმო. კლუბი აცხადებს, რომ აგრესიული გულშემატკივრები აუცილებლად დაისჯებიან და „მესტალიაზე“ შესვლა სამუდამოდ აეკრძალებათ და, რომ „ვალენსია“ საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობს.

„ჩვენი კლუბი გმობს ფეხბურთში ნებისმიერ შეურაცხყოფას. ჩვენ დამწუხრებულები ვართ მადრიდის „რეალთან“ მატჩის დროს მომხდარის გამო. ჩვენ ვიძიებთ მომხდარს და მივიღებთ მკაცრ ზომებს პასუხისმგებელი პირების მიმართ“, − ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა, სანამ „ვალენსია“ დასჯის თავის ქომაგებს, მანამდე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მარიო კემპესის სახელობის ტრიბუნა, საიდანაც ბრაზილიელ ფორვარდს შეურაცხყოფდნენ, ხუთი შეხვედრის განმავლობაში დაიკეტება. გარდა ამისა, „ვალენსია“ 45 ათასი ევროთი დააჯარიმეს.

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი აცხადებს, რომ „ლა ლიგა მომხდარის გასარკვევად და რასისტი ქომაგების დასასჯელად შესაბამის ზომებს მიიღებს.“

„დიდი ხანია, ვიცით, რომ ვინისიუსს რასისტულ კომენტარებთან პრობლემები აქვს. 10 საჩივარი აქვს შემოტანილი. ხმამაღლა ვამბობ, ვიმოქმედებ ჩვენი მაქსიმალური უფლებამოსილებით… ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ეს საზიზღარი თავდასხმები, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს ესპანეთში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებზე “, −  ლა ლიგას პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი.

 რას ამბობს კარლო ანჩელოტი?

სამეფო კლუბის მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მსაჯისგან თამაშის შეწყვეტას მოითხოვდა. რასისტული შეძახილებისა და მისი ფეხბურთელის მოედნიდან გაძევების შემდეგ ანჩელოტიმ თქვა: „მე დღეს არ მინდა ფეხბურთზე საუბარი… მაშინ, როცა მთელი სტადიონი ფეხბურთელს შეურაცხყოფს რასისტული შეძახილებით, თამაში უნდა შეწყდეს. იმავეს ვიტყოდი, 3-0 რომ მოგვეგო. თამაშის გაგრძელებას ასეთ დროს, აზრი არ აქვს.“

ანჩელოტის თქმით, დამნაშავეა არა ვინისიუსი, არამედ ესპანეთის ლიგა, რომელიც ბრაზილიელ ფეხბურთელს რასისტი ქომაგებისგან ვერ იცავს.

„ჩემთვის ვინისიუსი არის მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელი, უძლიერესი. ლა ლიგას აქვს პრობლემა. ამ რასიზმის გამო, მათ უნდა შეწყვიტონ თამაში. სხვა გზა არ არსებობს“.

„მოგვიანებით, ანჩელოტიმ სოციალურ მედიაშიც დაწერა: „დღეს იყო სევდიანი დღე მესტალაზე, სადაც გულშემატკივრების ჯგუფმა აჩვენა თავისი ყველაზე ცუდი ვერსია. დროა შეწყვიტოთ საუბარი და ვიმოქმედოთ ამ პრობლემის წინააღმდეგ. რასიზმს არ შეიძლება ჰქონდეს ადგილი ფეხბურთში ან საზოგადოებაში. NO TO RACISM ANYWHERE.“ − ვკითხულობთ განცხადებაში.

ვინისიუს ჯუნიორს წითელი ბარათი გაუუქმდა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაასკვნა, რომ რასისტულმა შეძახილებმა „თავდასხმის მსხვერპლი აგრესორად აქცია“.

თამაშის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ გვერდზე დაიწერა, რომ ისინი მიმართავენ სამართლებრივ მოქმედებას „სიძულვილის დანაშაულის“ საფუძველზე, რომელიც ჩადენილია მათი ფეხბურთელის მიმართ. კლუბმა შეიტანა  საჩივარი  გენერალურ პროკურატურაში, სიძულვილის დანაშაულებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

„ყველა უნდა ებრძოლოს ამ უბედურებებს, რაც  არის რასიზმი, ქსენოფობია და სიძულვილი“, − წერია კლუბის განცხადებაში.

მბაპე, ნეიმარი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი − მხარდაჭერა ვინისიუს ჯუნიორს

მომხდარის შემდეგ ვინისიუსი იღებს მხარდამჭერ გზავნილებს ფეხბურთელებისგან. გმობენ რასიზმს და ამხნევებენ ბრაზილიელ თავდამსხმელს.  ვინისიუს ჯუნიორს მხარდაჭერა გამოუცხადა ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომაც.

„სრული სოლიდარობა ვინისიუსს. რასიზმის ადგილი არ არის ფეხბურთსა და საზოგადოებაში. ფიფა გვერდში უდგას ყველა მოთამაშეს, ვინც ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდება“, − ჯანი ინფანტინო.

თანაგუნდელს „რეალის“ მეკარემ, ტიბო კურტუამაც დაუჭირა მხარი  და თქვა, რომ ვინისიუსი „შეურაცხყოფის საპასუხოდ გაუშვეს მოედნიდან “.

ბრაზილიის მხარდაჭერა

ყველაზე აქტიურად ვინისიუსს მხარი სამშობლოში დაუჭირეს.  რიო დე ჟანეიროში, კორკოვადოს მთაზე რამდენიმე საათით ქრისტეს ქანდაკება ჩააბნელეს. ბრაზილიამ რასიზმი და მისი გამორჩეული ფეხბურთელის შეურაცხყოფა სწორედ ამ ფორმით დაგმო.

ვინისიუსს გამოექომაგა პრეზიდენტიც:

„წარმოუდგენელია, რომ, ფაქტობრივად, 21-ე საუკუნის შუაში რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფის ფაქტებს ვაწყდებით. საწყალი ბიჭი, „რეალში“ საუკეთესოა და ის ყოველი გასვლისას სტადიონზე რასიზმის გამოვლინებას აწყდება. მნიშვნელოვანია, რომ FIFA-მ, ლა ლიგამ და სხვადასხვა ლიგამ სერიოზული ზომებს მიმართონ. ვერ დავუშვებთ, რომ რასიზმი და ფაშიზმი სტადიონებს შიგნით დომინირებდეს“ − ამბობს ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა.

გიორგი მამარდაშვილი და ვინისიუს ჯუნიორი

ვალენსიის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. სამეფო კლუბისგან არაერთი ბურთი მოიგერია, რის გამოც მაღალი შეფასებები მიიღო, თუმცა მამარდაშვილი ამ მატჩიდან ბევრს დაამახსოვრდა, როგორც ბრაზილიელ ფეხბურთელთან „დაპირისპირებული“.

დააბრალეს ისიც, რომ ვინისიუსს რასისტული განწყობებით დაუპირისპირდა. რა მოხდა მათ შორის?

ეს მოგვიანებით, ქართველმა მეკარემ თავის ინსტაგრამზეც განმარტა − რომ მან მხოლოდ თანაგუნდელი დაიცვა და რასისტული განწყობები ვინისიუსის მიმართ არ ჰქონია. რასიზმი ქართველმა მეკარემაც დაგმო.

„ყველა ადამიანი არის თანასწორი. ეს ჩემთვის ცხოვრების ყველაზე მთავარი და პირველი წესია, რომელიც მე არასდროს დამირღვევია. ვინისიუს, პატივისცემა ჩემგან და შენს გვერდით ვარ, იმ მომენტში კი მხოლოდ თანაგუნდელის დაცვას და მხარდაჭერას ვცდილობდი, სხვა რაიმე განზრახვა არ მქონია. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის და ამას ყველა და ერთად უნდა ვებრძოლოთ.“ − ნათქვამია მამარდაშვილის პოსტში.

მომხდარს გამოეხმაურა „ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავი,  ხვიჩა კვარაცხელიაც. მან მხარი დაუჭირა ვინისიუსს და დაგმო რასიზმი. ამასთანავე, კვარაცხელიამ სოლიდარობა გამოუცხადა „ვალენსიის“ ქართველ მეკარეს, მეგობარ გიორგი მამარდაშვილს.

„მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივარ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში. ჩემზე კარგად ცოტამ თუ იცის, რას იზამს ის მეგობრისა და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი, კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის. „ვინი“, შენ გვერდით ვართ ყველა და ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს“. − წერს კვარაცხელია.

ინციდენტიდან ორი დღის შემდეგ „ბარსელონას“ ფორვარდი რაფინია მოედანზე გავიდა მაისურით, რომელზეც ეწერა; „სანამ კანის ფერი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თვალების სიკაშკაშე, იქნება ომი“.

ესპანეთის პოლიციამ  ვინისიუსის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით სამი ადამიანი დააკავა.