„ვინმემ გამოუცხადოს ხალხს, რომ დენს აღარ გადაიხდიან. ზამთარში ისედაც ცარიელია ის სოფლები“- ენუქიძე ნამახვანჰესზე

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილმა წევრმა და ამჟამად „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა პარლამენტში, დეპუტატმა, ავთანდილ ენუქიძემ პლენარულ სხდომაზე ნამახვანჰესის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, თუ ჰესის აშენების ადგილიდან 10 კილომეტრში არსებული სოფლების მოსახელობას შუქის გადასახადიდან გაათავისუფლებენ და მთავრობა მათ ამას დაპირდება, პრობლემაც მოგვარდება.

„მე ველაპარაკე მინისტრის მიადგილეს, აბსოლუტურად ყველა დოკუმენტაცია არის სწორად შედგენილი და ამიტომ აქ რაც ითქვა, სწორია, რომ სწორი კომუნიკაცია უნდა შედგეს მოსახლეობასთან.

იყო ასეთი პრაქტიკა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს  და იმ მოსახლეობას ვინმემ გამოუცხადოს, რომ 10 კილომეტრში რომელი სოფლებიც არსებობს, გათავისუფლდებიან დენის გადასახადისაგან. არაფერი არ უჭირს, არ არის იქ ისეთი დასახლება, მით უმეტეს ზამთარში ცარიელია ეს სოფლები.

[უთხარით, რომ ] ათ კილომეტრში მოსახლეობა გათავისუფლდება დენის გადასახადისგან და მოიხსნება ეს პრობლემა. მაგრამ შეიძლება იმ თურქმა იყვიროს, რომ მე უკვე გავეცი, რაც გასაცემია და მეტს აღარ გავცემო. ამიტომ არ ხდება ეს ალბათ”,  – ამბობს ენუქიძე.


ადგილობრივი მოსახლეობა 129-ე დღეა, რაც ჰესის მშენებლობას ადგილზე ყოველდღიურ რეჟიმში, უწყვეტად აპროტესტებს.

მათი მოთხოვნებია:

„გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;

2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს.

3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

4. კომპანია „ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა”.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა კანონის დარღვევით მიმდინარეობს. კომპანია კი აცხადებს, რომ მათ მიმდინარე სამუშაოებისთვის ყველა შესაბამისი ნებართვა აქვთ.

სასამართლოში გასაჩივრებულია როგორც პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ასევე მოსამზადებელი სამუშაოების შესაბამისობა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემულ სამშენებლო ნებართვასთან.