ვის შეგიძლიათ ესენი სერიოზულად აღიქვათ? ძალიან სევდიანი სანახავია - კრამონი კობახიძეს პასუხობს

პუბლიკა

„ვინმეს შეგიძლიათ, ესენი სერიოზულად აღიქვათ? ძალიან სევდიანი სანახავია“, – ასე ეხმაურება გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ირაკლი კობახიძე კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მსგავსად აკრიტიკებს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს, რომელბმაც ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით კრიტიკული აზრი გამოთქვეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვიოლა ფონ კრამონი და „7-8 ევროპარლამენტარი არიან კრიმინალების მფარველობაში მხილებულნი“.


ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმაც გააკრიტიკა, რასაც ვიოლა ფონ კრამონის პასუხი მოჰყვა.

„ვცდილობ რეაქცია არ მქონდეს ქართველი პოლიტიკოსების უგემოვნო და უსაფუძვლო თავდასხმებზე, მაგრამ ახლა სხვა არჩევანი არ მაქვს. ქალბატონი წულუკიანი გავიცანი, როდესაც ის ახალგაზრდა, ამბიციური პოლიტიკოსი და იურისტი იყო. სამწუხაროა, ნახვა, როგორ მოხდა მისი რადიკალიზება წლების განმავლობაში და ახლა ის ტყუილებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს.

ქალბატონმა წულუკიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ მე ვიყავი და ვარ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და ვიბრძოდი ხალხის უფლებისთვის, დემოკრატიულად აირჩიონ ხელისუფლება. ენმ-სთან საიდუმლო გარიგებების ჩემთვის დაბრალება არის მიზანმიმართული ტყუილი, რომელსაც არცერთი გონივრულად მოაზროვნე ადამიანი არ დაიჯერებს.

„ქართული ოცნების“ დეზინფორმაცია კრემლის დონეს აღწევს. „ქართული ოცნება“ არაა საქართველო, „ქართული ოცნების“ გაკრიტიკება არაა საქართველოს გაკრიტიკება. ამიტომ ვეძახი თავს საქართველოს მეგობარს და არა „ქართული ოცნების“ მეგობარს. შეწყვიტეთ ქვეყნის კარგი სახელის უკან ამოფარება. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს წარუმატებლობებზე.

დემოკრატიულ უკუსვლას არა „პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფი“ აკრიტიკებს, არამედ საკვანძო პოლიტიკოსები, რომლებიც განსაზღვრავენ ევროკავშირის პოლიტიკას ევროპარლამენტსა და მის გარეთ. შეამოწმეთ ხელმოწერები ბოლო განცხადებაზე ან დაელოდეთ ევროკავშირის შემდგომ რეზოლუციას საქართველოზე.

სხვათა შორის, ეს ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ყოველდღე იცავენ ინტერესებს, რომლებიც იბრძოდნენ ვიზალიბერალიზაციისთვის და იბრძვიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ამ დროს „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო დემოკრატიის გაუარესება, ერთ წელიწადში საქართველოს მედიის თავისუფლების ინდექსში 60 ადგილიდან 89-მდე დაქვეითებით.

მე არ „ჩავრეულვარ“ საქმეებში. მე გახსენებთ თქვენს 19 აპრილის მოვალეობებს, რომლებიც აიღეთ და არ შეასრულეთ. თუ გსურთ, სერიოზულად მიგიღონ, შეეშვით დაპირებების დარღვევას, შეეშვით საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის ზიანის მიყენებას. გამოასწორეთ მართლმსაჯულება, შეეშვით მიკროფონების მოპარვას, სიძულვილის ენასა და პოლარიზაციას.

მრავალი წელია, საქართველოს (არა მისი მთავრობების) მეგობარი ვარ. ადრე მასწავლეს ქართული სიბრძნე „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს ზურგს უკანაო“. ტანტრუმების გამართვის ნაცვლად, დროა, „ქართულმა ოცნებამ“ ისწავლოს, როგორ გაუმკლავდეს კრიტიკას და სიმართლეს“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერში.