„ქართული ოცნების” წევრი კოტე ზარნაძე უარყოფს ენმ-ის წევრის ირაკლი ეძგვერაძის ბრალდებას მასზე თავდასხმის ორგანიზების შესახებ. როგორც ზარნაძე facebook-ზე წერს, განხორციელებულ თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„საკრებულოს სხდომები ხშირად გაჯერებულია ურთიერთდაპირისპირებებით, სამწუხაროდ, დღევანდელი სხდომაც ასეთი გამოდგა, მათ შორის – სიტყვიერი უთანხმოება იყო ჩემსა და ირაკლი ეძგვერაძეს შორისაც, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური დაპირისპირება გადავიდეს ძალადობაში, ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები და არასდროს გამიკეთებია.
ვინმესთვის თუ პასუხი გასაცემია, მას თავად გავცემ პასუხს შესაბამის პოლიტიკურ ფორმატში, ამისთვის მე სხვა ფორმატების ძებნა არ მჭირდება.
ცხადია ჯანმრთელობას ვუსურვებ ირაკლი ეძგვერაძეს, ვნებათაღელვა ჩაცხრება, ყველაფერი გაირკვევა და ისიც მიხვდება, რომ მე მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ მაქვს”, – წერს ის.
რა მოხდა გლდანში?
22 სექტემბერს გლდანში თავს დაესხნენ ენმ-ის საკრებულოს წევრს ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ 3 პირს. მომხდარის ორგანიზებაში ეძგვერაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატს, კოტე ზარნაძეს ადანაშაულებს და დაპირისპირებას საკრებულოს სხდომაზე მომხდარს უკავშირებს. ეძგვერაძის თქმითვე, მათ თავს 30-ზე მეტი ადამიანი დაესხა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ამ ეპიზოდზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. შსს-მ მეორე დღეს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავა.
ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ გლდანში მივიდნენ მისი თანაპარტიელები, ენმ-ს წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. შსს-მ კი ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავა და იზოლატორში გადაიყვანა.
მოგვიანებით შსს-მ ასევე განაცხადა, რომ გამოძიება ასევე დაიწყო პოლიციელზე თავდასხმის მუხლით (სსკ-ის 353-ე პრიმა), ვინაიდან, „დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ“.