ვიქნები თუ არა მერობის კანდიდატი, ამას ამ კვირის ბოლომდე ვიტყვი - ელისაშვილი

პუბლიკა

„საერთო ოპოზიციური კანდიდატი – ცნება არ არსებობს, იმიტომ, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არ იქნება [თვითმმართველობის არჩევნებში] საერთო კანდიდატის შერჩევის პროცესში ჩართული და არ არის ჩართული“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა და დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.

წამყვანის შეკითხვაზე, საიდან აქვს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ამის შესახებ ინფორმაცია და ხომ არ გადის იგი ცალკე კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიასთან, ელისაშვილი პასუხობს, რომ ის „მოვლენებს გულმოდგინედ ადევნებს თვალყურს“.

„ჩვენ, პარტია „მოქალაქეები“ მონაწილეობას მივიღებთ ამ არჩევნებში როგორც დამოუკიდებელი ძალა და გვინდა, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. ვიქნები თუ არა მერობის კანდიდატი, ამას ამ კვირის ბოლომდე ვიტყვი… ვართ ჩვენ-ჩვენთვის და ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და მაქსიმალური შედეგი გვინდა ვაჩვენოთ როგორც თბილისში, ისე დანარჩენ საქართველოში“, – აღნიშნავს ელისაშვილი.

დეპუტატის თქმით, თბილისის მერობის არჩევნებს „ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე „ძალიან იოლად მოიგებს“:

„ძალიან იოლად მოიგებს კალაძე. არ მინდა ეს ამბავი, არც მეხალისება და ჩემი ქალაქი არ მემეტება იმისთვის, რომ არაფრისმაქნისი მერი ეყოლება კიდევ 4 წელი, მაგრამ ფაქტია რომ, კალაძე დღეს ჯერჯერობით ყველაზე ძლიერია. ჩვენს ქვეყანაში ყოველ კვირას ისე იცვლება მოვლენები, შეიძლება ოქტომბრისთვის სულ სხვა სურათი გვქონდეს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან კალაძის მეტოქეს მე ოპოზიციაში ვერ ვხედავ“, – განაცხადა ელისაშვილმა.


„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ, 21 ივლისს თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა. ოპოზიციაში თბილისის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერ ისევ მსჯელობენ.