ვიქნებით ძალიან მკაცრები და შევთავაზებთ თავშესაფარს, ვინც ნამდვილად იმსახურებს – საფრანგეთის შს მინისტრი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ კრისტოფ კასტანერთან.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სექტემბერში მივლინებული ქართველი ოფიცრების წარმატებულ საქმიანობას, რომლებიც საფრანგეთის ჟანდარმერიის, ეროვნული პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის დანაყოფებში ფრანგ კოლეგებთან ერთად მუშაობენ.

საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ კრისტოფ კასტანერის განცხადებით, 2019 წლის პირველ თვეში  საქართველო იყო პირველ ადგილზე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით, თუმცა 97% შემთხვევაზე თანხმობა არ გაცემულა.

მისივე თქმით, ქართულ მხარესთან განიხილება კონტროლის ცალკეული მექანიზმების შემოღების საკითხი, მათ შორის – გაფრენა-ჩაფრენის აეროპორტებში.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ფიქსირდება თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი კლება, დაახლოებით, 50%-ით.

„მესმის, მიგრაციასთან დაკავშირებით შესაძლოა, არსებობდეს დელიკატური სიტუაციები, მაგრამ მსურს, გამოვხატო საფრანგეთის პოზიცია, რომ საფრთხის ქვეშ არ დადგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ. ბუნებრივია, არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, დავიცვათ ის ადამიანები, როგორც ქართველები, ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ვმასპინძლობთ საფრანგეთის საზღვრებში, მაგრამ, როდესაც ამ მექანიზმს იყენებენ სხვა მიზნებისთვის, აუცილებელია,  გვქონდეს მტკიცე და თანამშრომლობითი პოზიცია.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე, უპრეცედენტო რაოდენობით გავზარდეთ საქართველოსთან მიმართებით საკონსულო მიმართულებით მომუშავე კადრების რაოდენობა. მე მინდა, ვუთხრა ყველა იმ ქართველს, ვინც აპირებს, საფრანგეთში ჩამოვიდეს თავშესაფრის მიღების მიზნით, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, ვიქნებით ძალიან მკაცრები და შევთავაზებთ თავშესაფარს მხოლოდ მათ, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს. აქვე მინდა, მივესალმო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ჩართულობას და ძალისხმევას“, – აღნიშნა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა.