ვიქტორ ორბანი საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა — უნგრეთის საარჩევნო კომისიამ დათვალა ხმების 94.6%.
პიტერ მაიარის პარტია „ტისამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.
კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, „ტისას“ საპარლამენტო მანდატების 69.35% ერგება, ორბანის პარტია „ფიდესს“ — 27.14%.
ეს ნიშნავს, რომ „ტისას“ პარტიის წევრები 199-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატს მიიღებენ, „ფიდესის“ წევრები კი – 54 მანდატს. 7 მანდატი (3.5%) ერგება პარტიას „ჩვენი სამშობლო“.
უბრალო უმრავლესობისთვის 100 საპარლამენტო მანდატია საჭირო, ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის — 133.
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლების 78%-მა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
ვიქტორ ორბანმა, რომელიც უნგრეთს 16 წლის განმავლობაში მართავდა, პიტერ მაიარს და ოპოზიციურ პარტია „ტისას“ უკვე მიულოცა გამარჯვება.
მან ასევე გააკეთა განცხადება და თქვა, რომ არჩევნების შედეგები „ნათელი და მტკივნეულია“.
ევროსკეპტიკოს ორბანს მხარს უჭერდა როგორც ვლადიმირ პუტინი, ისე – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ორბანის მხარდასაჭერად უნგრეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა. განცხადებები გააკეთა დონალდ ტრამპმაც.
თუმცა, მაშინ მაიარმა თქვა, რომ უნგრეთის ბედი „არა რუსეთში, აშშ-სა და ბრიუსელში, არამედ უნგრეთში წყდება“.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანია როგორც უკრაინისთვის, ისე მთლიანად ევროკავშირისთვის.
ვიქტორ ორბანი ბლოკავდა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხის გაცემას, ასევე, რუსეთის მიმართ სანქციების მე-20 პაკეტს. საბაბად ორბანის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტრომ ის დაასახელა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბის“ გავლით არ ხდება რუსული ნავთობის ტრანზიტი უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის.
„დრუჟბა“ რუსეთის ნავთობის ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო არხია ევროპაში. ის სათავეს რუსეთიდან იღებს, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი კი უკრაინაზე გადის. სწორედ უკრაინიდან ხდება რუსული ნავთობის უნგრეთის, სლოვაკეთსა და ბელარუსისთვის მიწოდება. უკრაინის განცხადებით, ნავთობსადენი დაზიანებულია რუსული დარტყმების შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა უკრაინას „დრუჟბის“ შეკეთებაში დახმარება შესთავაზა და უკრაინამაც ის მიიღო, ორბანმა უარი თქვა, მოეხსნა ბლოკი სანქციებსა და სესხზე.
ამავე დროს, საერთაშორისო მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პიტერ სიიარტრო ევროკავშირის საბჭოს შეხვედრების კონფიდენციალურ ინფორმაციას თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უზიარებდა. ინფორმაცია მოგვიანებით სიიარტრომაც დაადასტურა.