თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვა თქვეს და გამოცხადდა განაჩენი.
ზინოვკინასა და გრიბულს 8.5-8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა.
განაჩენის გამოცხადებამდე ანასტასია ზინოვკინამ საბოლოო სიტყვაში ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მისი საქმის გარემოებებზე, ციხეში არსებულ პირობებზე, მუქარაზე და ასევე თქვა, რომ აირჩია წინააღმდეგობის ფორმა – შიმშილი. მისი მთავარი მოთხოვნაა გათავისუფლდნენ უდანაშაულო პატიმრები – ანტონ ჩეჩინი და არტემ გრიბული.
„პუბლიკა” ზინოვკინას სიტყვის უმეტეს ნაწილს:
„თავდაპირველად, მინდა, მადლობა გადავუხადო დამსწრეებს. მე ვიცი, რომ ძალიან დამღლელი სასამართლო პროცესი გვაქვს და არასასაცილო საცირკო წარმოდგენა. უკაცრავად, ბოდიშს გიხდით, მე რეჟისორი არ ვარ. […]
მე მინდა, რომ ყველა ადამიანმა, ვინც მე მიცნობს, მიაქციოს ყურადღება საქართველოში არსებულ სიტუაციას. გთხოვთ, რომ მხარი დაუჭიროთ ახალგაზრდებს, რომლებიც რუსთაველზე არიან ისე, როგორც ჩვენ გვიდგანან მხარში. ჩვენ ცოცხლები ვართ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჩვენ ვახსოვართ და ამბობენ ჩვენს სახელებს.
დაგვეხმარეთ „ტერორისტების” მოშორებაში, რომლებიც გვდევნიან არამარტო ჩვენ და ჩვენს მეგობრებს, არამედ მთელ ხალხს. მათ უნდათ, რომ დააშინონ და დახოცონ ყველა. თუ შეიძლება, გააკეთეთ ეს ჩემი პატივისცემის ნიშნად. მივმართავ ყველას, ვისაც მე ვუყვარვარ – გთხოვთ, გადაარჩინეთ ამ ქვეყნის და ამ ხალხის მომავალი. მათ ესაჭიროებათ თქვენი სიყვარული და მხარში დგომა.
ვიცი, რომ ამ პლანეტაზე ვახსოვარ ბევრ ადამიანს, რომლებიც არასდროს ყოფილან საქართველოში. თქვენი მხარდაჭერა, თუნდაც შორიდან, გამარჯვებისთვის საკმარისი იქნება. ჩემი ისტორია არასდროს უნდა განმეორდეს. მე წამართვეს შესაძლებლობა, რომ გავაჩინო ბავშვი და სიცოცხლე ვაჩუქო ახალ ადამიანს. მე მინდა, რომ ჩემი ბავშვი იყოს – რევოლუცია საქართველოში.
მე ვთხოვ ჩემს მეგობრებს, ჩაატარონ გამოძიება და მოძებნონ ყველა დამნაშავის გვარ-სახელი, მათი ფინანსური მდგომარეობა, წარმომავლობა, მთელი ქონება და ეს მთელ მსოფლიოს აცნობონ. მე ვთხოვ ჩემს მეგობრებს, რომ სრულ იზოლაციაში მოაქციონ დამნაშავეები… „ტერორისტები” უნდა გაკოტრდნენ, დაეკარგოთ კონტაქტები და საკუთარი სახე.
ყველა ინფორმაცია მათი ფინანსური მიმოქცევის შესახებ გამოაქვეყნეთ ღია წყაროებში. პროტესტს პუბლიკაციებითა და ყველა სხვა ხელმისაწვდომი საშუალებით დაუჭირეთ მხარი. გაასაჯაროვეთ ინფორმაცია საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის შესახებ. დაუჭირეთ თითოეულ მათგანს მხარი. წერეთ და დაეხმარეთ.
გამოიკვლიეთ და გამოაქვეყნეთ პოლიციის მხრიდან ძალადობის ყველა შემთხვევა, უსამართლო დაჭერები და ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა შემთხვევა საქართველოს მთავრობისა და მათი წარმომადგენლების მხრიდან. დაეხმარეთ რუსთაველზე მყოფ ახალგაზრდებს ყველაფრით, რასაც გთხოვენ და არ გთხოვენ…
ჩემი გული ითხოვს რევოლუციას. იცით, რაც უნდა გააკეთოთ. მე ყოველთვის მამაცი ადამიანი ვიყავი, მაგრამ დაჭერის შემდეგ, მე გავხდი მართლაც ბედნიერი ადამიანი. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ვყოფილიყავი სამართლიანი, მაგრამ ახლა ვიცი, რომ არსებობს გულისხმიერება და მოგიწოდებთ რევოლუციისკენ. იმიტომ, რომ სიყვარული – რევოლუციაა. რევოლუცია კიდევ გულისხმიერებაა. გულისხმიერება ადამიანების მიმართ, რომელთაც ართმევენ სიცოცხლეს, თავისუფლებას, ჯანმრთელობას, ფულს, მომავალს. ამას ტერორისტები აკეთებენ. რევოლუცია ჯანმრთელობაა. თქვენ შეგიძლიათ გააჩინოთ ბავშვი და სიცოცხლე აჩუქოთ ერთ ადამიანს, შეგიძლიათ, დაეხმაროთ რევოლუციას და მილიონობით ადამიანს აჩუქოთ სიცოცხლე.
ჯანმრთელობის საკითხებზე
9 თვის განმავლობაში წესიერად ჩემი დიაგნოსტირებაც ვერ შეძლეს. ზურგი და წელი მტკივა, წელის ტკივილის გამო ხელები და ფეხები მიბუჟდება. სასამართლო პროცესების დროს მე ვდგავარ [ფეხზე], რადგან მეშინია, რომ რომელიმე მალა ისევ გამეჭედება, დავეცემი და ვეღარ ავდგები.
3 დღის წინ, როგორც იქნა, წამიყვანეს საავადმყოფოში, დამინიშნეს ფიზიოთერაპია, მაგრამ, რატომღაც, წერილი მაგიურად დაიკარგა. მე არათუ უბრალოდ არ მაჩვენეს ნეიროქირურგი, როგორც რეკომენდაციაში მეწერა, არამედ არ გამიწიეს ისეთი მცირე დახმარება, როგორიც ფიზიოთერაპიაა. არ მაძლევენ საშუალებას, რომ შევიძინო ორთოპედიული ბალიში და ლეიბი. გამომკეტეს და ელოდებიან, როდის მოვკვდები. ვერ ეღირსებით…
ჩასმით ჩამსვეს, მაგრამ კანონის შესაბამისად, ადამიანურად გასამართლებაც კი ეზარებათ. ჩვენ პატიმრები არ ვართ, ჩვენ ვართ მძევლები. ჩვენ ვართ მძევლები, რომლებიც ცოცხლად არიან დამარხულები. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ – ჩვენ ტყვეები ვართ.
ათასი შუამდგომლობა გავაგზავნე და ვთქვი სასამართლოშიც. თავიდან მპასუხობდნენ და უარს მეუბნებოდნენ, საფუძვლის გარეშე. მერე საერთოდ შეწყვიტეს პასუხის გაცემა, უბრალოდ დადუმდნენ. ესენი ტერორისტები არიან, რომლებიც აღარც ფარისევლობენ.
ჩვენ დაგვხოცავენ, თუ დადუმდებით. მოგვკლავენ, თუ დაგვივიწყებთ. ჩვენ ვცოცხლობთ, სანამ გახსოვართ, ჩვენზე ლაპარაკობთ და გვეხმარებით. ცოცხლები ვართ, სანამ თქვენ რუსთაველზე დადიხართ. მხოლოდ სიყვარული გვეხმარება. თქვენი სიყვარული გვეხმარება და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
მე გთხოვთ დახმარებას, აჩვენოთ, რომ არა მთავრობა, არამედ საზოგადოება ჰუმანურად გაზრდილია და იმსახურებს ევროკავშირში გაერთიანებას… ჰუმანიზმია, როცა ფასეულია თითოეული ადამიანის სიცოცხლე, როცა ზიზღი, მხოლოდ და მხოლოდ, ჯალათების მიმართ არის, როგორც ალბერტ კამიუ იტყოდა.
ანტონ ჩეჩინისა და ჩვენი საქმე ლაკმუსის ქაღალდია თქვენი საზოგადოებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ეს ისედაც გესმით და იმედი მაქვს, დაგვეხმარებით – არა იმიტომ, რომ მე მსურს ასე, უბრალოდ იმიტომ, რომ მინდა, თქვენ გაიმარჯვოთ…
ჩვენი ჯალათების სახელები ცნობილია. ზოგიერთი მათგანის სახელს გავიმეორებ და გთხოვთ, ისინიც არ დაივიწყოთ…
რევოლუცია განწირულების შურისძიებაა და გესმით, რომ განწირულები ხართ? რომ დღეს ჩვენ გვკლავენ, მაგრამ მკვლელები არ გაჩერდებიან, მათ ჩვენი სისხლი არ ეყოფათ. ყველაფერი ძალიან ცუდადაა, მათ ყოველთვის ენდომებათ ახალი სისხლი. ჩვენი სიცოცხლე და თავისუფლება უკვე გავწირეთ ადამიანის უფლებისთვის, დარჩეს ადამიანად და საკუთარ თავად, მაგრამ ჩვენ გვაქციეს წამებულებად.
გპირდებით, რომ არ გავჩერდები და ვიბრძოლებ მთელი ძალით. ვფიქრობ, ასეთი ამბების მერე, ძნელია რამის შეგეშინდეს ცხოვრებაში. არც სასოწარკვეთილი ვარ. მესმის, რომ ჩვენი საქმე შეიძლება გახდეს უკანასკნელი წვეთი და ჩვენმა ჯალათებმა აგონ პასუხი. მაპატიეთ, მაგრამ ამის გამო მე სიხარულს ვგრძნობ. იმედი მაქვს, რომ თქვენც შეძლებთ, აჯობოთ შიშს. მე მჯერა გამარჯვების და თქვენი.
ჩემი ჯანმრთელობა არ მომცემს იმის საშუალებას, რომ დიდხანს ვიცოცხლო, უვადო თუ მომისაჯეთ. ალბათ, პირდაპირი მნიშვნელობით, ეს ჩემი ბოლო სიტყვაა. თავს ნორმალურად ვგრძნობ, მაგრამ ჩემი განცხადებები პოლიციის მხრიდან ძალადობასა და სექსუალური ძალადობის შესახებ, რომელთაც არ ჰქონდათ უფლება ჩემი დაკავებისაც კი, მით უმეტეს, ჩემზე თავდასხმის, ნარკოტიკების ჩადების… ჩემი განცხადებების შემდეგ, მათ წინააღმდეგ ზომები არ მიუღიათ.
პირობები ქალთა ციხეში
ქალთა ციხეში გოგოები საშინელ პირობებში არიან. იქ თავისუფლებაზეც კი არ ვოცნებობთ – იმ პირობებზე ვოცნებობთ, რაც მამაკაცთა ციხეშია გლდანში. თუნდაც ექიმები რომ გვანახონ, თუნდაც ჩვენი ფულით შევძლოთ და რაღაცა ვიყიდოთ, რომ მაღაზიაში ყოველდღე ახალი და ნორმალური საჭმელი დაგვხვდეს. ასეთი სიტუაციაა.
ქალთა ციხის ზოგიერთ საკანში, დაახლოებით, 9 კვადრატულ მეტრში, ოთხი საწოლი დგას, მაგიდა, სკამი, ტუმბო, გოგოებს სიარულის საშუალებაც არ აქვთ და ისინი უბრალოდ წვანან. აღარაფერს ვიტყვი ანალიზებზე. მე ძალიან ხშირად მიცვლიდნენ საკნის მეზობლებს, ზოგჯერ სიცილის გამოც. მინდოდა, რომ ანალიზები გაეკეთებინათ, თუნდაც ტუბერკულოზზე. ჯანმრთელი ადამიანიც კი, ასეთ პირობებში, როგორიც ქალთა ციხეშია, ძვლივს უძლებს…
ქალთა ციხე საწამებელი მანქანაა, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ქალების ორგანიზმს, ჯანმრთელობას. მაგალითად, თვეებია, სხეულზე წითელი ლაქები მაქვს და არამარტო მე. ჩვენ კეთილი მედდა გვყავს, რომელიც სხვადასხვა მალამოს გვაძლევს და ცდილობს, რომ დაგვეხმაროს, მაგრამ ანალიზებს არ გვიტარებენ.
მე ვიმედოვნებ, რომ ჩემგან არაფერი გადმოგედებათ…
დედის საქართველოში არ შემოშვებაზე
ასევე უნდა აღვნიშნო, რომ დედაჩემი არ შემოუშვეს საქართველოში, მისთვის ფულის გამოძალვა უნდოდათ. მას სთხოვდნენ, დაახლოებით, 2000 დოლარს ხელზე და უთხრეს – თუ თქვენ ხელზე მოგვცემთ ამ ფულს, თქვენ ნახავთ თქვენს შვილსო, მაგრამ დედაჩემს ხელზე ფული არ ჰქონდა. ჰკითხა, რა ანგარიშზე უნდა გადაერიცხა [თანხა], რომ ჩემს ნათესავებს გადმოერიცხათ.
უთხრეს, რომ მხოლოდ ხელზე აიღებდნენ ფულს, მერე უთხრეს, რომ ეს რაღაც ჯარიმაა. არანაირი ჯარიმა იმ დროს არ ფიქსირდებოდა, ორი დღე-ღამე აეროპორტში გაატარა და უკან გააგზავნეს რუსეთში. შემდგომ მას გამოუწერეს ყალბი ჯარიმა – საქართველოს პოლიციამ გადაწყვიტა, რომ თითქოს დედაჩემი 10 მარტს გზას კეტავდა. იცით რა? ამ დროს დედა რუსეთში იყო, სამსახურში, მაგრამ მათ ეს, რა თქმა უნდა, არ აღელვებთ… ასე იქცევიან ტერორისტები. ისინი იყვანენ მძევლებს, ძალადობენ…
მე დამიჭირეს, ჩამიდეს ნარკოტიკები… ჩემს მეგობრებს მინდა ვთხოვო, დაეხმარონ რევოლუციას. ამით თქვენ მეხმარებით მე. თუნდაც მე რომ მომკლან, დაეხმარეთ ჩემი ღირსებისთვის, ჩემი ხსოვნისთვის.
ანტონ ჩეჩინზე
მე, რა თქმა უნდა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ვთხოვ, პირველ რიგში, დახმარება გაუწიონ ანტონ ჩეჩინს, მას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს, მას აქვს სიმსივნე თავში. ვეჭვობ, რომ აქ მედიცინას სძალუძს, რომ მას დაეხმაროს, მაგრამ ამ მომენტისთვის ისეთ ანტისანიტარიაში იმყოფება, რომ მისი ჯანმრთელობა ელვის სისწრაფით შეიძლება გაუარესდეს. გთხოვთ, არ მისცეთ საშუალება, რომ ის მოკლან.
9 თვის განმავლობაში ბევრ რამეზე დავფიქრდი, მაგალითად, რა არის ჩემთვის თავისუფლებაზე და სიცოცხლეზე ძვირფასი. ჩემთვის საკუთარ თავისუფლებაზე და სიცოცხლეზე ძვირფასი არის ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება, სიყვარული, რევოლუცია. ზოგჯერ ვიღაცის სიკვდილიც – ვიღაცის სიკვდილმა შეიძლება შეცვალოს სხვისი სიცოცხლე.
შიმშილობის დაწყება
წინააღმდეგობის გაწევა ყველაზე დიდი გულისხმიერებაა. ვიცი, რომ ყოველთვის არსებობს წინააღმდეგობის გაწევის სხვადასხვა ვარიანტები. ახლა მე ვირჩევ წინააღმდეგობის გაწევის ფორმას – შიმშილს.
მინდა ავხსნა, რატომ ვირჩევ მე ახლა ამ ფორმას, მაგრამ ქართული არ ვიცი და არ ვარ დარწმუნებული, რომ შევძლებ ჩემი პოზიცია და ჩემი ხმა მივაწვდინო გარესამყაროს – წერილებით ან სიტყვებით. ჩემი ზარის უფლების თაობაზე… 2 თვის განმავლობაში რაც ციხეში ვზივარ, გაუგებარ მიზეზთა გამო, ვერ შევძელი რუსეთამდე ზარი განმეხორციელებინა, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ჩემი ყველა ზარი წყდებოდა. ასეთი პრობლემა ჩემ კორპუსში მხოლოდ მე მქონდა.
ხანდახან მე მერთმევა მარცხენა ხელი და ფეხი, ხანდახან მარჯვენა ფეხი და ხელი. დღეს მარცხენა, ხვალ მარჯვენა. როცა მარჯვენა ხელი მერთმევა, გამოდის, რომ მე წერაც კი არ შემიძლია. […] უნდა აღვნიშნო, რომ რატომღაც ჩემი წერილები სადღაც იკარგება. როცა მე ვწერ წერილს ადამიანს, შემდეგ ისინი მირეკავენ და მეუბნებიან, ნასწია, როდის მომწერ წერილს, მაინტერესებს რას უკეთებენ ამ წერილებს. […]
მე მინდა მხარი დავუჭირო სხვა პოლიტპატიმრებს. მინდა მივესალმო, გათავისუფლება მივულოცო გიორგი ახობაძეს, ნიკა კაციას, თედო აბრამოვს. გაიხარეთ ამ თავისუფლებით… შესანიშნავი მომენტი იყო, როცა თქვენ გათავისუფლდით, მთელი ციხე ვხარობდით, ფანჯრიდან ერთმანეთს ვუყვიროდით…. შეიძლება ითქვას, მე უკვე სამჯერ გამოვედი თავისუფლებაზე.
მე ვაცხადებ შიმშილობას პატარა მოთხოვნით: გაათავისუფლეთ ანტონ ჩეჩინი და არტემ გრიბული!
მოთხოვნები საქმეში ფიგურანტების წინააღმდეგ
[…] საქართველოს სახელმწიფო ორგანოებს ყველანაირი საშუალება აქვთ დამოუკიდებლად დაადგინონ ჭეშმარიტება და დასაჯონ დამნაშავეები, რომლებმაც ჩვენ მიმართ ჩაიდინეს დანაშაული, რომლებიც გვემუქრებოდნენ, გვიდებდნენ ნარკოტიკს, ძალადობდნენ, ვინც არღვევდა კანონს.
მე ისიც მგონია, რომ ჩემი წერილები პროკურორამდე არ მიდის, ამიტომ ვთხოვ, რომ პირადად მოვიდეს ჩემთან შეხვედრაზე და მოვუყვები ყველაფერს, რაც მოხდა. ის მე მაიგნორებს. შეიძლება მისი სამსახური არ ენდობა მას და გონიათ, რომ ჩემთან ლაპარაკის მერე დროშას აიღებს და მიტინგზე წავა. ანუ მას ჩემი ეშინია. გეშინიათ ჩემი, ბატონო პროკურორო? მთელი სახელმწიფო აპარატი უფრო არაშრომისუნარიანი გახდა, ვიდრე მე. სახელმწიფო აპარატი სიცოცხლისუნარიანი არ არის.
იცით, ადამიანებს, რომლებსაც უყვართ პუტინი, არც კი ესმით, რა არის დიქტატურა. […]
პოლიციელი ირაკლი მუხათგვერდელი გაუპატიურებით მემუქრებოდა. ის ახლა მსჯავრდებულია, აღიარა ბრალი, რომ დაბინდული გონებით ისროდა ქუჩაში ადამიანების მიმართულებით.
მე არ ვიცი, იყო თუ არა რეაგირება ჩემს განცხადებებზე. ჯერ კიდევ დეკემბერში დავხატე ფოტო-რობოტი, ზედმიწევნით დავწერე აღწერა და ვუთხარი გამომძიებლებს, რომ ეს ადამიანი საშიშია, საკუთარი თავისთვისაც და გარშემომყოფებისთვისაც. თუ მას ნარკოლოგიურ კლინიკაში არ გადაიყვანენ, და როგორღაც არ შეზღუდავენ და იზოლირებაში მოაქცევენ, არ აღმოუჩენენ ფსიქიატრიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას, არ ექნება უბრალოდ შანსი, რომ სასამართლომდე მიაღწიოს.
ყველა, ვინც დაარღვია კანონი, ძალიან სწრაფად ინადგურებს თავს. მე გთხოვთ, რომ მათ სიცოცხლე შეუნარჩუნოთ. მე მსურს, ვიყო ისეთ სასამართლოზე, სადაც ისინი იქნებიან ბრალდებულები სამართლიან სასამართლოში და სასურველია, რომ ისინი იყვნენ ცოცხლები…
მოვითხოვ, რომ უდანაშაულო ადამიანები გაათავისუფლოთ – ანტონ ჩეჩინი, არტემ გრიბული და მე. ვითხოვ სახელმწიფოებრივ დაცვას, როგორც დაზარალებული. ვითხოვ, დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები შორენა ტაბატაძის [თარჯიმანი], ირაკლი მუხათგვერდელის, ემილ კუპრავას, ანაიდა საფარიანის და სხვა ფიგურანტების მიმართ.
ისე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ნარკოლოგიური შემოწმება მე არ გამივლია. მითხრეს, არ არის საჭიროო… თუ გსურთ, რომ მოგონილი მუხლით დამიჭირონ, დნმ-ის გაყალბება მაინც დაგჭირდებათ-მეთქი. მითხრეს, არა უშავს, ესეც გავალთო…ძალიან სასაცილო იყო…
რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს საჭმლის გარეშე გაძლება, ამას ცოტახანში გავიგებთ. იმედი მაქვს, ის დრო, რასაც საკვების გარეშე გავძლებ, უფრო მეტი იქნება, ვიდრე თქვენ დაგჭირდებათ კანონით საჭირო მოქმედებების შესასრულებლად.
პროკურორს მივმართავ – შეგიძლიათ, ჩემთან შემობრძანდეთ. მოგაწვდით ნებისმიერ ინფორმაციას, თქვენს კითხვებზე გაგცემთ პასუხს, შემიძლია 10 საათი გიპასუხოთ. მე მიყვარს პოლიტიკაზე საუბარი და თუ მართლა გაინტერესებთ, მობრძანდით და გავისაუბროთ.
თითოეულ ადამიანს პერსონალური პასუხისმგებლობა აქვს – ღმერთის, კანონის, ადამიანების, საკუთარი თავის, ოჯახის, ერის, ქვეყნის, სოციალური ჯგუფის წინაშე.
ზინოვკინა მოსამართლეს
მესმის, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვათ – ნასწია, ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენ გგონიათ, მაგრამ თქვენ მოსამართლის როლს ასრულებთ, ის – პროკურორის. ვიცი, რომ თქვენ არ შეგშინებიათ ჩემი, თქვენი ორგანიზებული არ არის ეს ყველაფერი, მაგრამ რა გააკეთეთ თქვენ იმისთვის, რომ გადაგერჩინეთ. თქვენ იცით, რაც. იცით, რომ უდანაშაულო ვარ…
მე მინდა მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს და მათ, ვინც დღეს მოვიდა სასამართლოზე და მინდა მადლობა გადავუხადო. უბრალოდ მადლობა ყველაფრისთვის – მიყვარხართ.
მეგობრებო, გადამარჩინეთ არა მე, არამედ გთხოვთ, გადაარჩინეთ თქვენი ქვეყანა. არ დატოვოთ ქუჩები, არ დაიღალოთ, ნუ წამოეგებით შანტაჟს და პროვოკაციას. მე თქვენ გაჩვენებთ, თუ რამდენად უუნაროები არიან ეს დიქტატორები.
მუქარა და მოწამვლის მცდელობა
მე მინდა ახლა მოვყვე, ქალთა ციხეში რა მდგომარეობაა. ჩემი დაკავების დროს იყო გაჟღერებული – ისინი მემუქრებოდნენ, რომ შენ იყვირებ, ტკივილისგან დაიტანჯები და არც ერთი ექიმი არ მოვა. ასეც ხორციელდება. ეს განხორციელებული მუქარაა. ეს არის პოლიციელის განხორციელებული მუქარა, რომელმაც ციხეში მომიყვანა. მან მითხრა, ეს შენი სამუდამო სამყოფელი იქნება, შენ აქ მოკვდები. იცი რატომ მოკვდები? შენ მოგწამლავენ. მან მითხრა, არა მოგწამალვენ, არამედ მოგკლავენ. შენ ტკივილისგან იყვირებ, მაგრამ შენთან არავინ მოვა.
შეიძლება ითქვას, რომ 9 თვის განმავლობაში იყო მოწამვლის 2 შემთხვევა… რამდენიმე დღის წინ მე ჩემი საჭმელი თეფში მივაწოდე გოგონას [თანამესაკნეს]. წელი მტკიოდა და ვერ შევძელი ჭამა და ეს გოგონა, რომელმაც ეს საჭმელი შეჭამა, დღემდე ტემპერატურით წევს, მას აღებინებს, ძალიან ცუდად არის. მან შეჭამა საჭმელი, რომელიც მე მეკუთვნოდა.
ამის შემდეგ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ანასტასია ზინოვკინას საბოლოო სიტყვა ისევ შეაწყვეტინა და უთხრა, რომ უკვე საათზე მეტი ხანია, რაც ლაპარაკობს და საქმის გარშემო ესაუბრა.
ბრალდებულს სურდა, მისი დაკავების შესახებ მოეყოლა, რაზეც მოსამართლემ თქვა, რომ სასამართლო განხილვების დროს „ეს უკვე მოსმენილია“.
ანასტასია ზინოვკინა: „დროც თუ არ გქონდათ, რატომ ჩაგვიდეთ ნარკოტიკები? რისთვის ვარ აქ?
მოსამართლე: „დაასრულეთ საუბარი. თუ სასამართლოს არ დაემორჩილებით, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გაძევებასთან დაკავშირებით”.
ანასტასია ზინოვკინა: „ჩემი გული რევოლუციაა. მე არ მომცეს საშუალება, რომ ბოლომდე მეთქვა ჩემი სიტყვა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ის გასაჯაროვდება პრესაში. გისურვებთ წარმატებას…”.
პროკურატურა ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებოდა. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი ჩაუდო – მიაჩნიათ, რომ ისინი თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯებიან.