„ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ“ - კობახიძე

პუბლიკა

„ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ, ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლება სასამართლოსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნას ვერ განიხილავს.

„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით. ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ, ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.

მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა, სადაც საგამოძიებო კომისიის საკითხს განიხილავენ.

„სასამართლოს დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ კონკრეტული აქტი. ეს არის მხარდაჭერის აქტი სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური პრინციპი, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული და ეს არის ჩვენი პოლიტიკური სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ. რაც შეხება აქტის შინაარსს – პოლიტიკური საფუძველი განვმარტე. რაც შეხება პროცედურულ საკითხს, რომელიც თქვენც უნდა გაინტერესებდეთ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტში დღევანდელ სხდომაზე სასამართლო სისტემის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა განიხილეს და კენჭი უყარეს, თუმცა კვორუმი არ შედგა.