ვირუსის აღმოფხვრამდე ციხეები უნდა გახდეს მაქსიმლურად კარჩაკეტილი - წულუკიანი

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მუშავდება გეგმა იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა თანამშრომელმა იაროს ციხეებიდან სახლში და პენიტენციური დაწესებულებები კორონავირურული ინფექციის აღმოფხვრამდე იყოს მაქსიმალურად ჩაკეტილი.

„ჩვენი გეგმა, რომელიც მომავალ კვირას გასაჯაროვდება, გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა თანამშრომელმა იაროს ციხიდან სახლში. ეს გეგმა მუშავდება ამჟამად და ჩვენი მიზანია, რომ კორონავირუსის აღმოფხვრამდე ციხეები გახდეს მაქსიმალურად კარჩაკეტილი. ამიტომაც ყველა ოჯახს მოვუწოდებ, რომ ნუ მოინდომებენ ციხეში ისეთი ადამიანის შეგზავნას ამბის გამოსატანად, რომელსაც უბრალოდ არავითარი საჭიროება ამ მომენტისთვის არ აქვს. აუცილებელია, რომ ადვოკატებიც ციხეებში შედიოდნენ მხოლოდ მაშინ, თუ საქმე ეხება საქმის გასაჩივრებას და საპროცედურო საჭიროებებს“, – თქვა წულუკიანმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ციხეების მაღაზიებში არის საკმარისზე მეტი პროდუქტი და ასევე არ არის პატიმრების კვების ან სხვა პრობლემა.

„დაბოლოს, ოჯახების დასამშვიდებლად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ციხეების მაღაზიებში არსებობს საკმარისზე მეტი პროდუქტი, პატიმრების კვებაზე მომუშავე კომპანია მუშაობს კარგად, მონდომებითა და გამართულად და არავითარი კვების ან სხვა ტიპის პრობლემა პატიმრებს არ გააჩნიათ. ასევე, მედიკამენტების საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს 15-ვე პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებეში განსაკუთრებული მდგომარეობა 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება და საშიროების მიხედვით კიდევ გადავადდება.

„განსაკუთრებული მდგომარეობის დროს ციხეებში აკრძალულია და აკრძალული რჩება პაემნები, რამაც სერიოზული დისკომფორტი გამოიწვია ჩვენს მსჯავრდებულებში, ნაწილობრივ, ბრალდებულებშიც და ჩვენ, შესაბამის კომპანიასთან მოლაპარაკების გზით, ამ დისკომფორტის ნაწილობრივი კომპენსირება მოვახერხეთ – 16 მარტიდან მიმდინარეობს შეღავათი, რომელიც გულისხმობს 15-წუთიან უფასო სასაუბრო დროს ყოველი თვის განმავლობაში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, მომავალში ამ შეღავათის გაგრძელებაზე უწყება მუშაობას განაგრძობს იმისათვის, რომ პატიმრებისთვის ეს ჩაკეტილობა და მისგან გამოწვეული ოჯახთან კონტაქტის არარსებობა  იყოს კომპენსირებული.

მისივე განმარტებით, განსაკუთრებული პირობები ციხეებში გულისხმობს იმასაც, რომ ვერცერთი ახალდაკავებული ან ახალმისჯილი პატიმარი ვერ შედის ძველ კონტიგენტთან, სანამ 21-დღიან საკარანტინო პერიოდს არ მოიხდის.

„მინდა, ოჯახებისთვის განვმარტო – ეს არ გახლავთ ის საკარანტინო სივრცე, რომელსაც ციხის ენაზე ტრადიციულად კარანტინს უწოდებენ. ეს არის ჩვეულებრივი საცხოვრებული კორპუსი, შესაბამისი პირობებით, რომელიც მოწყობილია მიმღებ ციხეებში.  ის შექმნილია როგორც კანონმდებლობის, ასევე ევროპული კონვენციის დაცვით. იქ ახალი პატიმრები ატარებენ 21 დღეს და მხოლოდ ამის შემდეგ, თუკი არავითარი საეჭვო სიმპტომი არ გამოუვლინდებათ, შეერევიან ძველ კონტიგენტს“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ის პატიმრები, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები უკვე ციხეში მოსვლისას გამოუვლინდებათ, ვერ მოხვდებიან ციხის ტერიტორიაზე. ისინი მივლინებული იქნებიან ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც საგანგებო პირობების გამოცხადებიდან დღემდე სულ 26 ახალი პატიმარი იყო მივლენილი. მათგან 6 პირი უკვე გაეწერა. არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. საავადმყოფოდან გაწერილი პატიმრებიც, პირველ რიგში 21-დღიან საკარანტინო რეჟიმს გაივლიან ცალკე სივრცეში, ციხის ტერიტორიაზე.

თეა წულუკიანის თქმით, სიახლეა ის, რომ 20 მარტიდან არცერთი თანამშრომელი, რომელსაც აღმოაჩნდება რაიმე ტიპის საეჭვო სიმპტომი, არ დაიშვება პატიმართან სამუშაოდ. მინისტრის თქმით, თანამშრომლები დილით მოწმდებიან, სპეციალურად მოწყობილ, სამედიცინო პუნქტებში. 20 მარტიდან დღემდე ასეთი ასამდე თანამშრომელი გაბრუნდა სახლში, ხოლო 80-მდე გარე დაცვის თანამშრომელი ჩამოშორდა ციხის პერიმეტრს.

24 მარტიდან აიკრძალა პატიმრების სასამართლოებში გაყვანა და სასამართლო პროცესები ონლაინ აეწყო. სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან, სამ დღეში 95 სასამართლო პროცესი ჩატარდა ონლაინ.

„კორონავირუსის აღმოფხვრამდე, არცერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე, ეს არის წესი, რომელსაც ვირუსის აღმოფხვრამდე გამონაკლისი არ ექნება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.