ვირუსის გავრცელებამ უფრო ინტენსიური სახე მიიღო, აჭარა „წითელი ზონაა“ - ეზუგბაია ეპიდსიტუაციას აფასებს

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, შესაძლებელია იმაზე ფიქრი, რომ ზომიერი კონტროლირებადი ვითარება ქვეყანაში ეჭვქვეშ დგება, აჭარა კი, მისი შეფასებით, უკვე წითელი ზონაა. ეზუგბაია ამბობს, რომ რეგიონში გავრცელების შესაჩერებლად დამატებითი ღონისძიებების გატარება გახდება საჭირო.

„ქვეყანაში ბოლო 2 კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებელი შეიცვალა. ინციდენტობა 100 ათას მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი გახლავთ 8. მართალია, ამ მაჩვენებლით ქვეყანა რჩება „მწვანე ზონაში“, იმიტომ რომ ინციდენტობა 10-ზე ნაკლებია, მაგრამ 45 ახალი პაციენტი ქვეყანაში ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა. შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი კონტროლირებადი მატება უკვე ეჭვის ქვეშ დგება.

აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა. იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარის რეგიონი „წითელი ზონაა“ უკვე და ამიტომ იქ ალბათ დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი, კერძოდ, რეკომენდაციის შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების გაფართოება. ამ ეტაპზე [აჭარის ჩაკეტვაზე] ლაპარაკი არ არის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მან დააზუსტა, რომ ეს ტენდენცია დაავადების მატებაა, მეორე ტალღაზე ლაპარაკი კი მაშინ დაიწყება, როდესაც ახალი რესპირატორული დაავადებების სეზონი იქნება.