ვირუსის გავრცელებიდან პირველად ჩინეთში შიდა გადადება არ დაფიქსირდა

პუბლიკა

კორონავირუსის დაფიქსირებისა და გავრცელების შემდეგ პირველად, გუშინ ჩინეთში ვირუსის შიდა გადადება არ დაფიქსირდა. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მათი ქვეყნის ვირუსთან ბრძოლაში.

ოფიციალური პირების თქმით, ოთხშაბათს ჩინეთში სულ 34 შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ ყველა მათგანი საზღვარგარეთიდან მომავალი მგზავრები იყვნენ. ხოლო ჰუბეის პროვინციაში, სადაც ვირუსის აფეთქება დაიწყო, ახალი შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა.

ჩინეთში ეპიდემიის ყველაზე ცუდი პერიოდი გამოიარეს. თუმცა შიშობენ, რომ საზღვარგარეთიდან მიმავალმა მგზავრებმა მის ხელმეორედ გავრცელებას შეიძლება შეუწყონ ხელი.

ჩინეთისა და სამხრეთ კორეისგან განსხვავებით, ვირუსის გავრცელება სხვა ქვეყნებში არ იკლებს. იტალიაში ოთხშაბათს ინფიცირებისა და მსხვერპლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ინფიცირების რიცხვმა 35 000-ს გადააჭარბა.

დიდ ბრიტანეთში კი ვირუსის გავრცელების შესანელებლად მეტროსადგურების ნაწილის დახურვა გადაწყვიტეს. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, მთელ სამეფოში დაიხურა სკოლებიც. დაინფიცირებულთა რაოდენობით ბრიტანეთში 2600-ზე მეტია.

გერმანიაში კი ვირუსი, ბოლო მონაცემებით, 12 000-ზე მეტ ადამიანს აქვს. „გერმანიის გაერთიანების შემდეგ, უფრო სწორედ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო ასეთი გამოწვევის წინაშე არ მდგარა, როცა ასეთი ერთიანობა და სოლიდარობა დასჭირდებოდა“, – განაცხადა ანგელა მერკელმა სატელევიზიო მიმართვაში.

მერკელის თქმით, მდგომარეობა სერიოზულია და 14-წლიანი მმართველობის პირობებში ასეთი სატელევიზიო მიმართვის ჩაწერა პირველად უწევს.

9000-ს გადააჭარბა ინფიცირების რიცხვმა აშშ-ში. ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ კი გუშინ პირველად გადაწყვიტეს, ჩაკეტონ საზღვრები მოქალაქეობის ან ბინადრობის უფლების არმქონე პირებისთვის.