ვირუსის გავრცელების რისკი რეალურად დაბალია - თამარ გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების რისკი დაბალია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რეკომენდაციები არ უნდა დავიცვათ.

„პანიკა არასდროს არ არის კარგი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს – შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს, რომ ვირუსი აღმოიფხვრა. ვირუსის გავრცელების რისკი დღევანდელი ეპიდემიოლგიური მაჩვენებლების მიხედვით რეალურად არის დაბალი. ის არის 1-ზე ნაკლები, 0.5-ზე ნაკლებიც კი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელება ხდება ძალიან შეზღუდულად და კარგი საშუალება გვაქვს იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავივიწყოთ ყველა ის დამცავი ქცევა, რომლებიც რეკომენდებული იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში”, – ამბობს თამარ გაბუნია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 18 ბოლნისის რაიონიდანაა, 4 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან, 4 კი საკარანტინე ზონიდან. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საკარანტინე ზონიდან დადასტურებული ოთხი ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.