ვირუსის მუტაცია რამდენად ცვლის ეპიდემიოლოგიურ სურათს, ეს არის მომდევნო კვლევების საგანი - ბუწაშვილი

პუბლიკა

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსის მუტაციის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, კვლევა, რომელმაც ვირუსის ეს ცვლილება დაადგინა, არის ლაბორატორიული ექსპერიმენტული კვლევა და, ჯერჯერობით, არ შეიძლება იმაზე საუბარი, რა გავლენას იქონიებს მისი შედეგი მსოფლიო ეპიდემიოლოგიურ სურათზე.

„ეს არის ლაბორატორიული ექსპერიმენტული კვლევა. ეს არ არის ეპიდემიოლოგიური ან კლინიკური კვლევა. რეალურ ცხოვრებაში ეს რამდენად ცვლის ეპიდემიოლოგიურ სურათს, არის მომდევნო კვლევის საგანი. ერთმნიშვნელოვნად, ეს იყო ექსპერიმენტული კვლევა, რომელმაც გამოავლინა მიკრობიოლოგიურ დონეზე ვირუსის ეს ცვლილება. თუ გვინდა, გავიგოთ, რამდენად აისახება მუტაცია იმაზე, უფრო მეტი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს თუ უფრო სწრაფად იქნება მისი გავრცელება, ამას ბევრი დამატებითი კვლევა სჭირდება“,  – განაცხადა ბუწაშვილმა.

რაც შეეხება ვირუსის კლინიკური მიმდინარეობის გაუარესებას, ბუწაშვილის თქმით, სხვადასხვა კვლევით დადგინდა, რომ ეს მუტაცია დაავადებას მეტად პროგრესირებადს არ ხდის. ბუწაშვილი განმარტავს, რომ მუტაციის შემდეგ მთავარი კითხვაა, ხომ არ ხდება ვირუსის უფრო სწრაფად გავრცელება ან მეტად ხომ არ აინფიცირებს ადამიანებს: „ამ უნარზეა ლაპარაკი და არა კლინიკური მდგომარეობის გაუარესებაზე“, – ამბობს ინფექციონისტი.

„ფაქტობრივად, გაირკვა, რომ დაავადების პროგრესირებას ანუ კლინიკურ მიმდინარეობას არ ამძიმებს. აქ ლაპარაკი იმაზეა, ხომ არ ხდება ამ მუტაციის შემდეგ ვირუსის უფრო სწრაფად გავრცელება. რეალურ სურათს ამძიმებს თუ არა ეს მუტაცია, ამაზე დასკვნის გაკეთება არ შეიძლება, სანამ არ იქნება კიდევ დამატებითი შესაბამისი კვლევა“, – კვლავ იმეორებს მაია ბუწაშვილი.

როგორ იმოქმედებს მუტაციის შემდეგ ვირუსი ისეთ პაციენტებზე, რომლებიც კორონავირუსისგან უკვე განიკურნენ – ამ საკითხთან დაკავშირებით ინფექციონისტი ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია, ექნებათ თუ არა ადამიანებს იმუნიტეტი მუტაციაგავლილ კორონავირუსზე. ისიც უცნობია, შეიძლება თუ არა, ვირუსით ხელახლა დაინფიცირდნენ.

„გაჟღერდა, რომ იმუნიტეტი ამ ადამიანებს ექნებათ თუ არა, თუ, ვთქვათ, შეიცვალა ვირუსი – ეს, ჯერჯერობით, ისევ და ისევ არ დასტურდება, რომ ამ ადამიანებს, ვინც გადაიტანა კორონავირუსი, შეიძლება, რომ მუტაციური ვირუსი თავიდან დაემართოს. ეს არის თეორია, გაჟღერდა, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს“, – განაცხადა ბუწაშვილმა.

პაატა იმნაძემ გუშინ განაცხადა, რომ გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და შესაძლოა, იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს ვირუსი, ამ შტამზე იმუნიტეტი არ ჰქონდეთ, ასევე „ის შეიძლება უფრო გადამდები იყოს, ვიდრე ჩინეთიდან პირველად გავრცელებული კორონავირუსი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პირველი საყურადღებო მუტაციაა, რომელიც ამ ვირუსმა განიცადა.