ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება. უნდა დავიცვათ წესები – გამყრელიძე

პუბლიკა

დღეს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ აქციებს და განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული რეგულაციები მოქალაქეებმა ყველგან უნდა დაიცვან.

შეკითხვაზე – რაკი პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა, რაც, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხე არის ქუჩებშიც, შეიძლება თუ არა, რომ მისი ერთ-ერთი კერა გახდეს ის აქციები, რომლებიც მიმდინარეობს პარლამენტის შენობის წინ და სხვადასხვა ტერიტორიაზე, გამყრელიძე პასუხობს, რომ:

„გახდა, დიახ და ეს ძალიან კარგია, რომ მანდატორული გავხადეთ პირბადის ტარება. იმ აქციებზეც, რომელიც პოლიტიკური პროცესის ნაწილია, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უნდა დავიცვათ წესები. ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება. ვირუსისთვის ყველა ერთი და იგივეა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე. პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ აკრძალავს და გააჩერებს ამ ქვეყანაში, მაგრამ კეთილი ვინებოთ ყველამ, დავიცვათ ის წესი, რომლებიც ყველა ქვეყანაში არსებობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, პირბადის ტარება დახურული სივრცის გარდა, ღია სივრცეშიც აუცილებელი იქნება.