ვირუსული ინფექციების გავრცელება მცირდება - გაბუნია

პუბლიკა

„ვირუსული ინფექციების გავრცელება კლებისკენ მიდის. ეს კლინიკურ სექტორსაც ეტყობა. დეკემბერში, კიდევ უფრო დასტაბილურდება ვითარება. მნიშვნელოვნად შემცირდა რესპირაციულ-სენსიტიური ვირუსის გავრცელებაც, რომელმაც 0-2 წლამდე ასაკის ბავშვებში, შესაძლოა, გამოიწვიოს გართულება, ბრონქიოლიტის სახით“ , – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, COVID-19-წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები, ერთგვარი დამცავი აღმოჩნდა გრიპის და სხვა, გრიპის მაგვარი ვირუსებისგანაც, ხოლო ამან, თავის მხრივ, იმუნიტეტის ჩავარდნა გამოიწვია.

თამარ გაბუნიას თქმით, წელს, სეზონური ვირუსების ცირკულაციას, ჩვენი ორგანიზმი მოუმზადებელი შეხვდა და ის ტალღაც უფრო ადრე გამოვლინდა, რომელიც სხვა დროს, დეკემბრის ბოლოს იწყება ხოლმე.

„დღეს, ძირითადად, ცირკულირებს ადენოვირუსი, არის გრიპის ვირუსებიც, რომელიც ყოველთვის არსებობდა. თუმცა, ისევ და ისევ შესუსტებული იმუნიტეტიდან გამომდინარე, შესაძლოა, კლინიკური მიმდინარეობა უფრო მკაფიო იყოს, ვიდრე სხვა დროს, სხვა შემთხვევაში იქნებოდა“, – აღნიშნავს თამარ გაბუნია.