ვის არ ეხება თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლისა და გამოსვლის აკრძალვა

პუბლიკა

როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 15 აპრილიდან, 21:00-დან საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა აიკრძალება. აკრძალვა 10 დღეს გაგრძელდება.

მთავრობის დადგენილებაში, რომელიც ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღინისძიებებს ამტკიცებს, შესაბამისი ცვლილება უკვე შევიდა და განისაზღვრა იმ პირთა კატეგორია რომელსაც აღნიშნული შეზღუდვებისგან თავისუფალნი არიან:

შეზღუდვა არ ეხება:

ა) სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;

ბ) საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;

გ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;

დ) ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;

ე) ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;

ვ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;

ზ) სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას;

თ) მედია საშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

ი) სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა);

კ) საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;

ლ)კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

მ) საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტებში შესვლა არ ეკრძალებათ ამ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებიდან გასვლა არ ეკრძალებათ სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს.“.