ვის ექნება წვდომა „ერთიან ბაზაზე" და როგორ მოხვდება მონაცემები მასში - რას ამბობს შსს

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზის შექმნა იგეგმება.

კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და პარლამენტში მისი ინიციირება ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისში მოხდა. პირველი მოსმენით პროექტი 2025 წლის მარტში მიიღეს, მეორე და მესამე მოსმენით კი პროექტს მხარი 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაუჭირეს.

კანონპროექტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრომ 2026 წლის 1 მარტამდე უნდა უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და აღნიშნულ ბაზაში მონაცემების განთავსების კრიტერიუმების შემუშავება;

ასევე, შესაბამისი სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებიდან ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა შესახებ მონაცემების მოპოვება და საინფორმაციო ბაზაში ასახვა.

ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნისა და წარმოების, აგრეთვე ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებულ მონაცემთა მოპოვებისა და  პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი დადგინდება მთავრობის დადგენილებით – 2026 წლის 1 მარტამდე.

პროექტში აღნიშნულია, რომ მონაცემების მოპოვება დასაშვები იქნება შესაბამისი დაწესებულებების მიერ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

ბაზის შექმნა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტის ნაწილია.

როგორ ასაბუთებს შსს ამ ცვლილებების საჭიროებას?

საპარლამენტო განხილვებისას მარტში მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბაზის შექმნის აუცილებლობა იარაღის ლიცენზიის კონტროლის მიზნით ახსნა.

„სამინისტროს მომსახურების სააგენტო არის ერთადერთი უწყება, რომელიც გასცემს იარაღის ლიცენზიებს, ასევე მართვის მოწმობას. კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ თუკი კონკრეტული პირის ჯანმრთელობის მდგომაროება არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ასეთ შემთხვევაში არ უნდა გაიცეს ნებართვა, ხოლო გაცემული ნებართვა უნდა გაუქმდეს. თუმცა პრაქტიკაში აღნიშნულის კონტროლი ძალიან რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ ნებართვის მოპოვების დროს გაიცემა ცნობა, თუმცა შემდგომ აღარ ხდება მისი შემოწმება, სწორედ ამიტომ, შეიქმნება კონკრეტული ბაზა, სადაც მოხვდებიან კონკრეტული დაავადების მქონე პირები, ის პირები, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ხელს უშლის მსგავსი ნებართვის გაცემას. ხოლო თუკი შინაგან საქმთა სამინსიტროს უკვე გაცემული აქვს ნებართვა, მოხდება ამის ნებართვის გაუქმება, ხოლო თუ მაგალითად პირი მომართავს სამინისტროს იარაღის ლიცენზიის აღებისთვის, ასეთ პირზე ბუნებრივია არ გაიცემა ნებართვა”, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ბაზა შეიქმნება ჯანდაცვის სამინსიტროს ბაზაზე და მასზე სვდომა ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისს დანაყოფებს, კერძოდ:

„ვინც პასუხისმგებელია იარაღის ლიცენზიის გაცემაზე; კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე; მართვის მოწმობის გაცემაზე; თუ გამოიცემა მაგალითად შემაკავებელი ორდერი, ასეთ დროსაც ექნებათ წვდომა; დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის მოთავსებისას და ასევე, მონაცემების გადამოწმება მოხდება კანდიდატზე, რომელიც მომართავს შსს-ს [უწყებაში] დასაქმების თაობაზე. ასევე, სამსახურეობრივად, საშტატო იარაღის გაცემის დროსაც, სხვადასხვა უწყებას უფლება ექნება, რომ შეამოწმონ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონკრეტულ ბაზაში”, – განაცხადა მან.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ პირზე გაცემულია იარაღის ლიცენზია და ამ პირის მონაცემები აღმოჩნდება ბაზაში?, – დახარველიძის თქმით,ამ შემთხვევაში შეჩერდება ლიცენზია და 48 საათში ადგილობრივ პოლიციას ეცნობება ლიცენზიის შეჩერების თაობაზე.

„შემდეგ უკვე პოლიცია არის ვალდებული, რომ პირს შეუზღუდონ იარაღით სარგებლობა 30 დღის ვადით და ეს 30 დღე ეძლევა კონკრეტულ პიროვნებას, რომ ან უზრუნველყოს მისი მონაცემების ამოღება ბაზიდან ან გაახსვისოს იარაღი, რათა მის ხელში არ დარჩეს საშუალება, რომელიც საფრთხის შემცველია სხვა პირებისთვის”, – აღნიშნა მან..

მისივე თქმით, ბაზის წარმოების წესი დადგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ დადგენილებითვე განისაზღვრება იმ ნოზოლოგიების ჩამონათვალი, რომლის დიაგნოზის დასმის შემთხვევაშიც კონკრეტული სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იქნება, რომ ასახოს ის ბაზაში. ბაზაზე წვდომა კი ექნება იმ უწყებებს, ვისი ვალდებულებაც არის გადაამოწმოს პირი იარაღის გაცემის დროს.

„საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შესაბამის ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე, განვსაზღვრავთ, რა დაავადებების შემთხვევაში არის უკუნაჩვენები იარაღის ლიცენზიის გაცემა, თუ ეს დაავადება დაისვა კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების მიერ, ის ვალდებული იქნება, რომ ასახოს”, – განაცხადა მან.