„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულებს ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება 30 წლის განმავლობაში ექნებათ, იმ შემთხვევაში თუ ისინი სამოხელეო ან ფინანსურ დანაშაულებში დამნაშავედ იქნებიან ცნობილნი.
ინიციატივის შესახებ „ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე ისაუბრა. ცვლილებები შევა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში.
კირცხალიას მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ა(ა)იპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისათვის.
„ეს ცვლილებები პირდაპირი სიგნალია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კორუფციულ გარიგებებში ჩართულობით სავარაუდო სარგებლის მიღებაზე, შემდეგ შემოსავლის ლეგალიზებაზე და გრძელვადიან პერიოდში პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზე არიან ორიენტირებულნი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, ცვლილებების მიღების შემდეგ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიური დაკვირვება და მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში გახდება შესაძლებელი.
„ეს, ფაქტობრივად, მათი მხრიდან მითვისებული ქონების ლეგალიზებასა და პირადი ინტერესებით გამოყენებას სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს“, – თქვა კირცხალიამ.
რომელ დანაშაულებს შეეხება ცვლილება
პარლამენტის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ესაა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლები:
- 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები – თაღლითობა ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან დიდი ოდენობით;
- 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი – გამოძალვა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით;
- 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები – მითვისება ან გაფლანგვა ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან დიდი ოდენობით;
- 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები – წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება ჩადენილი: დიდი ოდენობით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
- 194-ე მუხლი – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ფულის გათეთრება;
- 194 პრიმა მუხლი – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება);
- 195 პრიმა მუხლი (სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა;
- 205 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი – ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
- 214-ე მუხლის მე-2 ნაწილი და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა ჩადენილი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან მოხელის/მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
- 218-ე მუხლი – გადასახადისათვის თავის არიდება;
- 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი – თუ ეს დაკავშირებულია ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის მითვისებასთან, გაფლანგვასთან ან თაღლითობით დაუფლებასთან, იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
- 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი – თუ ეს დაკავშირებულია ამ მუხლით გათვალისწინებული საგნის მითვისებასთან, გაფლანგვასთან ან თაღლითობით დაუფლებასთან, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა ჩადენილი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
- 286 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები – კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ჩადენილი: ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან რამაც დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი გამოიწვია;
- 332-ე მუხლი – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება;
- 333-ე მუხლი – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება;
- 334-ე მუხლი – ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უკანონო გათავისუფლება;
- 335-ე მუხლი – განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება;
- 337-ე მუხლი – სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა;
- 338-ე მუხლი – ქრთამის აღება;
- 339-ე მუხლი – ქრთამის მიცემა;
- 339 პრიმა მუხლი – ზეგავლენით ვაჭრობა;
- 340-ე მუხლი – კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება;
- 341-ე მუხლი – სამსახურებრივი სიყალბე
- 342-ე მუხლი – სამსახურებრივი გულგრილობა;
- 342 პრიმა მუხლი – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევა.
მაგალითისთვის, თავდაცვის ყოფილს მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 194-ე და 332-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ედება ბრალად. თუ სასამართლო მას ამ მუხლებში დამნაშავედ მიიჩნევს, შესაძლოა, „ოცნების“ ახალი ინიციატივით გათვალისწინებული ცვლილება მასზეც გავრცელდეს.
ასევე შესაძლოა, კანონი გავრცელდეს თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებზეც; და ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეზე, რომელიც იმავე მუხლებითაა დაკავებული, რითიც ჯუანშერ ბურჭულაძე.