„ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? აგვიხსენით!“

პუბლიკა

2008 წლის, რუსეთ – საქართველოს ომში, გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურებიან.

15 სექტემბერში, გორში გამართული პარტიული შეკრებისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2008 წელს „ენმ“-ის მიერ, ჩვენი ოსი დების და ძმების ცეცხლის ალში გახვევის გამო, ბოდიში გვაქვს მოსახდელი“

„ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა? რა ვუთხრა მის სულს? რით იამაყონ ჩვენმა შვილებმა?

რომ ჩამოდგებით ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები და პოზირებთ ემზარ წილოსანის საფლავთან ვინ იყო ემზარი? შეგიძლიათ მიპასუხოთ? ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს? თუ ვის მითხარით ხელისუფლებავ!!!

ან გორელებო, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით ვინ დაიწყო ომი? რატომ გაუტარეთ ასეთი მოღალატეობრივი მიმართვა ივანიშვილს? თან დაგვცინა, სპეციალურად გორისთვის შემონახული მიმართვააო… ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? აგვიხსენით!“ – წერს შინდისის ბრძოლაში დაღუპული ერთ-ერთი გმირის ემზარ წილოსანის ცოლი, თეო წილოსანი.

„2008 წლის 9 აგვისტო… „ოსი ძმების“ ჩექმა გიორგის ზურგზე. ბოდიში, გიორგი“ – პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე.

„ბოდიში შმაგი, ბოდიში დღევანდელი საქართველოსათვის… ალბათ არ ღირდა… გული მტკივა შენი დაუფასებელი თავგანწირვის გამო…“ – წერს სოციალურ ქსელში, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი შმაგი სოფრომაძის მეუღლე, თეა ტაბატაძე.