ვის/რის ხარჯზე იზრდება საშუალო ხელფასი | ეკონომისტის განმარტება

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023-ის IV კვარტლის მონაცემებით, საშუალო ხელფასი 2044.5 ლარია. წინასწარი ინფორმაციით კი, 2023 წლის საშუალო ხელფასი 1858.5 ლარი იქნება.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა, საინტერესოა ვის/რის ხარჯზე იზრდება ანაზღაურება. ამ საკითხზე ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა BMG-სთან, „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

როგორც ის ამბობს, 2023 წელს საშუალო ხელფასი ინფლაციის დაბალი ტემპის გამო ნამდვილად გაიზარდა, თუმცა, საშუალო მაჩვენებელი რეალურ სურათს არ ასახავს. ხორგუაშვილის თქმით, ხელფასის ყველაზე რეალური საზომი მედიანური მაჩვენებელია.

მედიანური ხელფასი ასახავს იმ ხელფასს, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს, განსხვავებით საშუალო ხელფასისგან, რაც ყველას მიერ აღებული ხელფასების საშუალო არითმეტიკულს წარმოადგენს.

„მედიანური ხელფასი ცალსახად უფრო სწორი საზომია, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მეტ ადამიანს მოიცავს და უფრო რეალურ სურათს გვაძლევს. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ბიზნეს სექტორში დასაქმებული ადამიანების ხელფასთან, რომელსაც რომ დავაკვირდეთ, თუ რაიმე უბედურება არ ხდება, კოვიდ პანდემია, ომი ან გლობალური ფინანსური კრიზისი არ არის, უმეტეს შემთხვევაში მსგავსი ზრდა გვაქვს ხოლმე.

მთავარი პრობლემა, რომელიც აქამდე იყო, ისაა, რომ ამ ყველაფერს ერთოდა ხოლმე მაღალი ინფლაცია. მაგალითად, რომ ავიღოთ 2020-2022 წლები, კი იზრდებოდა გარკვეული მაჩვენებლებით საშუალო ხელფასები, მაგრამ ინფლაცია ჭამდა მათ დიდ ნაწილს. ახლა კარგი ამბავი ის არის, რომ ინფლაციის ტემპი დაბალია, 1%-ის ფარგლებშია, შესაბამისად, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2023 წელს საშუალო ხელფასი რეალურად გაიზარდა.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ საუბარია საშუალო მაჩვენებელზე, რაც არ არის ისეთი კარგი საზომი, როგორც მედიანური მაჩვენებელი. შესაძლოა, მოსახლეობის შეძლებულ ნაწილს მკვეთრად გაეზარდოს შემოსავალი, მაგრამ გაჭირვებულ ნაწილს არ გაეზარდოს. შესაბამისად, საშუალო მაჩვენებელიც იზრდება.

რის ხარჯზე გაიზარდა ძალიან ზოგადად ვიცით ჯერჯერობით. უნდა ჩაიშალოს ეს ყველაფერი და ვნახოთ ყველაზე მეტად რომელი სექტორის ხარჯზე გაიზარდა. რაც დადო საქსტატმა, იქ მხოლოდ სამი სექტორია დასახელებული, მაგრამ ანალიზისთვის უფრო ვრცელი სურათია საჭირო“, – ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.


საქსტატის ცნობით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3 პროცენტით (270.9 ლარით) გაიზარდა.

  • III კვარტალში საშუალო ხელფასი 1855.4 ლარი იყო;
  • II კვარტალში – 1804.5 ლარი;
  • I კვარტალში  1716.6 ლარი.

ასევე, საქსტატის განცხადებით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 309.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.3%-ით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 110.0 ლარი (გაიზარდა 14.1%-ით);
  • მშენებლობა – 3 062.5 ლარი (გაიზარდა 20.8%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 920.5 ლარი (გაიზარდა 19.0%-ით).