ვისაც გაქვთ უკანონო მშენებლობები, მოგცემთ დემონტაჟის საშუალებას, რომ შემდეგ ეს მასალა გამოიყენოთ - კალაძე

პუბლიკა

„…სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცება და შემდეგ კონკრეტული ტელევიზიებით ამის წახალისება, კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ…“, – თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისევ აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობა-ნაგებობებზე ისაუბრა და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ „ქალაქში უკანონობა ვერ დაკანონდება და ამას შესაბამისი რეაგირება ყოველთვის მოჰყვება“.

თბილისის მერმა ტელევიზიები „უკანონობის წახალისებაში“ დაადანაშაულა.

„ასევე, მინდა, მივმართო ამ ტელევიზიებს – დაფიქრდით, რას აკეთებთ. თქვენ ახალისებთ პირდაპირ უკანონობას და ხვალ-ზეგ თქვენთან მოვლენ, თქვენ შეგექმნებათ იგივე პრობლემები და სახელმწიფომ და კანონმა უნდა დაგიცვათ… ჩვენ სახელმწიფოსაც დავიცავთ, ჩვენს ხალხსაც დავიცავთ, საზოგადოებასაც – კანონი და სამართლიანობა ეს ძალიან მნიშვნელოვანია კანონის წინაშე

ყველა ვართ თანასწორუფლებიანი“, – აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძემ გამოთქვა მზაობა, რომ მოხდეს მოქალაქეების დროებით, ქირით გაყვანა და შემდგომ, მერის სიტყვებით, „თუ მართლა აქვთ უსახლკარობის პრობლემა“, ეს ადამიანები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებელი ფართით.

„მაგრამ ვიღაცამ, ჩამოვედი და ახლა თბილისში თაღლითურად მიწა მივიტაცო, მერე რა, რომ შეიძლება ორი ბინა მაქვს, სამი მიწის ნაკვეთი რეგიონში – არ ვარგა. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ასე, რომ არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში – ტყუილად არ დაგახარჯვინონ თანხები იმისთვის, რომ მშენებლობები განახორციელონ – მოხდება ყველას დემონტაჟი.

გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ – თავი არ ჩაიგდოთ უხერხულ მდგომარეობაში; თავი არ ჩაიგდოთ მძიმე მდგომარეობაში. ვისაც გაქვთ ეს უკანონო მშენებლობები, მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენ თვითონ განახორციელოთ დემონტაჟი. შემდეგ შეგიძლიათ, ეს მასალა გამოიყენოთ და არ გაგიფუჭდეთ, ამის საშუალებასაც მოგცემთ. მაგრამ, უკანონობას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.


მუნიციპალურმა ინსპექციამ 11 თებერვალს განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აფრიკის დასახლებაში ოთხი შენობა და მსუბუქი კონსტრუქცია უნებართვოდ იყო განთავსებული. მათ მფლობელებს დაავალეს, რომ ეს შენობები დაეშალათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ინსპექცია თავად დაშლიდა ამ ნაგებობებს.

ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღიურად ელოდება მუნიციპალური ინსპექციის ადგილზე გამოჩენას. ისინი, ორი დღის წინ ისანი-სამგორის გამგეობის შენობაში შევიდნენ და აცხადებდნენ, რომ შენობა პიკეტირებული იქნებოდა მანამდე, სანამ ქალაქის მერი მათთან დასალაპარაკებლად არ მივიდოდა. ისინი  აფრიკის დასახლებაში აშენებული ნაგებობების დაკანონებას მოითხოვდნენ. მათთან კალაძე არ მისულა. ისანი-სამგორის გამგებლის განმარტების შემდეგ კი, მოქალაქეებს შენობა პოლიციამ ძალის გამოყენებით დაატოვებინა.